ახალი ამბები

რატომ გვჭირდება უკეთესი სკოლამდელი განათლება? – “გზა ქვეყნის სიღარიბიდან გამოსაყვანად”

14 მაისი, 2017 • 3657
რატომ გვჭირდება უკეთესი სკოლამდელი განათლება? – “გზა ქვეყნის სიღარიბიდან გამოსაყვანად”

უკეთესი სკოლამდელი განათლება – გზა ქვეყნის სიღარიბიდან გამოსაყვანად – UNICEF-მა, ISET-მა და მსოფლიო ბანკმა 10 მაისს თბილისში გამართულ ფორუმზე სკოლამდელი განათლების შესახებ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციები მისცეს.

კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ საქართველომ გასულ წელს უკვე მიიღო. ხოლო რეკომენდაციები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოს აძლევენ, მომავალში საფუძვლად დაედება განათლების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, რომელიც 2016 წელს მიღებული კანონის განხორციელებას შეუწყობს ხელს.

საქართველოში, 2015 წელს ჩატარებული “მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის” თანახმად, 3-5 წლის ბავშვების მხოლოდ 62.3% დადიოდა საბავშვო ბაღში. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალია სოფლებში – 55.1%. UNICEF-ის ცნობით, ევროკავშირის 27 ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელი 82.6%-ია.

“ბავშვების თითქმის 50%-ს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. ეს არის სკანდალი, საშინელება.  ეს მართლაც დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. თუმცა კარგი ამბავი არის ის, რომ 2012 წლის შემდეგ გაუმჯობესება სახეზეა,”- განაცხადა ISET-ის მკვლევარმა, ფლორიან ბიერმანმა.

ფორუმს ესწრებოდა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში, რომელმაც განაცხადა, რომ მიზნად დაისახეს, სკოლამდელ განათლებაში ბავშვების მინიმუმ 90% ჩართონ.

“ხელმისაწვდომობა ბავშვების 55%-ისთვის, რაც ახლა გვაქვს სოფლებში, ეს აბსოლუტურად მიუღებელია…ჩვენ გვაქვს კანონი, რომელიც უფლებას აძლევს ყველა ბავშვს, მიიღოს განათლება, მაგრამ, ჩვენ არ გვაქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა, საკმარისი ადამიანური რესურსი, რომ იმ ყველაფერს, რაც “ქაღალდზე” არის გარანტირებული, რეალურად მივაღწიოთ. განსაკუთრებით, ეს ეხება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს,”- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

რამდენად ხელმისაწვდომია სკოლამდელი განათლება საქართველოში?

“სხვაობა ძალიან დიდია უღარიბეს და უმდიდრეს ფენებს შორის. გაცილებით მაღალია სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა იმ ბავშვებში, ვინც მდიდარი, შეძლებული ოჯახებიდან არიან, ვიდრე ღარიბი ოჯახებიდან,”- განაცხადა შეხვედრაზე საქართველოში UNCEF-ის წარმომადგენელმა, ლაილა ომარ გადიმ.

ინფოგრაფიკაზე შეგიძლიათ ნახოთ, როგორია სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში სოფლად და ქალაქად, ასევე იმ ბავშვებში, ვინც მდიდარი ოჯახებიდან არიან და მათთან, ვინც ღარიბ ოჯახებში ცხოვრობენ.

სკოლამდელი განათლების ხარისხი საქართველოში

როდესაც ხარისხზე საუბრობდა, ფლორიან ბიერმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საბავშვო ბაღებში მასწავლებელთა სათანადო რაოდენობა არ არის. მან წარმოადგინა 2012 წლის მონაცემები, რომლის თანახმად, თბილისში ერთ აღმზრდელზე 22 ბავშვი მოდის. ქვემო ქართლში ეს რიცხვი კიდევ უფრო მაღალია –  27 ბავშვი ერთ აღმზრდელზე. ამ კვლევის თანახმად, საქართველოში ყველაზე ცოტა – 8 ბავშვი ერთ აღმზრდელზე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მოდის.

ISET-ის კვლევის მიხედვით, ის, რომ აღმზრდელზე ბევრი ბავშვი მოდის, აწუხებთ აღმზრდელებსაც:

“ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ერთ მასწავლებელზე მოდის ბავშვების დიდი ოდენობა, რაც ხელს უშლის წესრიგს და ქმნის ქაოსს. შეუძლებელია, სათანადო ყურადღება მიაქციო თითოეულ ბავშვს,”- ამბობს თბილისში მდებარე ბაგა-ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი ISET-ის მკვლევრებთან.

ფლორიან ბიერმანმა ასევე წარმოადგინა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2012 წლის მონაცემები, რომლის თანახმადაც, საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ტრენინგი საბავშვო ბაღის არც ერთ აღმზრდელს არ აქვს გავლილი. ასეთი რეგიონებია გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. გადამზადებული აღმზრდელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია – 64.1%, საქართველოს მასშტაბით საშუალო მაჩვენებელი კი მხოლოდ 27.7%-ს შეადგენს.

თბილისის ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი ISET-ის მკვლევრებთან ტრენინგების სიმცირეზე საუბრობს:

“ტრენინგები იშვიათად ტარდება. ტრენინგებში ჩართული არიან მხოლოდ მეთოდისტები და არა აღმზრდელები. არ არის საკმარისი დრო, რათა მეთოდისტებმა გაუწიონ ინსტრუქტაჟი აღმზრდელებს განათლების მიდგომებთან დაკავშირებით.”

საბავშო ბაღების აღმზრდელების ხელფასი

ასევე 2012 წლის მონაცემებით, რომელზეც ფლორიან ბიერმანმა პრეზენტაციაზე ისაუბრა, მხოლოდ თბილისში აღემატებოდა აღმზრდელის ხელფასი მცირედით 300 ლარს. რეგიონებში, 2012 წელს მასწავლებლების ხელფასები 150-300 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

თბილისის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ISET-ის მკვლევრებთან საუბრობს, რომ შეუსვენებლად, 9-საათიანი მუშაობით ძალიან იღლება, თუმცა ნახევარგანაკვეთზე გადასვლა და, შესაბამისად, განახევრებული ხელფასი, 264 ლარი მისთვის მისაღები არ არის:

“ვმუშაობ ყოველდღე, 9-დან 6-მდე, შესვენების გარეშე. იმდენად ვიღლები, რომ დღის ბოლოს გაღიზიანებული ვარ. არც ბავშვებს სიამოვნებთ მთლიანი დღის გატარება ერთ მასწავლებელთან. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარგანაკვეთზე მუშაობა უკეთესია, ჩემთვის მიუღებელია 50%-ით შემცირებული ხელფასი. ჩემი თვიური ანაზღაურება 528 ლარია,”- განაცხადა თბილისის ბაღის აღმზრდელმა.

რატომ გვჭირდება უკეთესი სკოლამდელი განათლება?

“საუკეთესო ინვესტიცია, რომელიც კი მთავრობას შეუძლია განახორციელოს” – ასე აფასებს საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელი ლაილა ომარ გადი ბავშვებში ადრეულ ასაკში ჩადებულ ინვესტიციებს.

მისივე თქმით, კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვის ადრეულ წლებში ჩადებული ერთი დოლარი მომავალში 7 დოლარს ზოგავს. ლაილა ომარ გადი ამბობს, რომ აპირებენ, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოს მთავრობასთან იმისთვის, რომ 2016 წელს მიღებული კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ რეალურად განხორციელდეს.

“მსოფლიო ბანკში გვჯერა, რომ ინვესტიციის ჩადება ადრეულ წლებში არის ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანის გზა. ეს არის ტრაექტორიისა და ერის მომავალის შეცვლის გზა… რას აკეთებს სკოლამდელი განათლება? – ის ამზადებს ბავშვს, რომ იმოქმედოს მშობლების გარეშე და სხვებთანაც ითანამშრომლოს. ყველაზე მოკლე გზა იმისთვის, რომ საქართველოში ადამიანური კაპიტალი განვავითაროთ, არის ეს,”- ამბობს მერსი მიიანგ ტემბონი, მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. 

ტემბონის თქმით, აუცილებელია, სკოლამდელ განათლებაში ქალაქსა და სოფელში ყველა ბავშვი მოიცვან და “მოამზადონ მომავლისთვის”.

რას “აკეთებს” სკოლამდელი განათლება? – წარმატებული ექსპერიმენტი

ფლორიან ბიერმანმა ისაუბრა პერის სკოლამდელი განათლების პროექტის ფარგლებში აშშ-ში 1962 – 1967 წლებში ჩატარებულ ექსპერიმენტზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ხარისხიან სკოლამდელ განათლებას შთამბეჭდავი ეკონომიკური შედეგები მოაქვს, ბავშვს უვითარებს შემეცნებით უნარ-ჩვევებს და ამცირებს მომავალში მათ მიერ დანაშაულის ჩადენის რისკებს.

ამ ექსპერიმენტის ფარგლებში, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებ 3-დან 6 წლამდე ასაკის აფროამერიკელ ბავშვებს მაღალი ხარისხის სკოლამდელი განათლება მიაწოდეს. 

უფრო კონკრეტულად:

[checklist]

  • ბაკალავრის ან მაღალი აკადემიური ხარისხის მქონე საჯარო სკოლის მასწავლებლები ბავშვებს 2.5-საათიან მეცადინეობებს ყოველდღე უტარებდნენ.
  • საშუალოდ, ერთ მასწავლებელზე 6 ბავშვი მოდიოდა.
  • ბავშვები ჩართულები იყვნენ: გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების ამოხსნის აქტივობებში. ასევე, ბავშვების მიერ დაგეგმვის, განხორციელებისა და განხილვის აქტივობებში.
  • კვირაში ერთხელ მასწავლებლები სტუმრობდნენ ოჯახს და 1.5-საათიანი შეხვედრით დედასაც რთავდნენ საგანმანათლებლო პროცესში.
  • პროგრამის ფარგლებში ერთ ბავშვზე საშუალოდ 11 300 დოლარი დაიხარჯა.

[/checklist]

პროექტი 2007 წელს შეაფასეს და ბიერმანის თქმით, შთამბეჭდავი იყო ის ეკონომიკური შედგეები, რომლებიც მან მოიტანა. შეფასების თანახმად, პროექტში მონაწილე ბავშვებს 4-ჯერ უფრო მაღალი შანსი ჰქონდათ, $2000 უფრო მაღალი შემოსავალი მიეღოთ, ვიდრე მათ, ვინც პროექტში არ მონაწილეობდა. ასევე, 30%-ზე მეტმა ბავშვმა, რომელთაც მიიღეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, მოახერხეს, რომ შეეძინათ საკუთარი სახლი. ასევე, პროგრამაში მონაწილე ბავშვების 41%-ს არასოდეს უსარგებლია სახელმწიფოს შემწეობით.

“პერის პროგრამის შეფასებამ აჩვენა, რომ  თითოეულ დახარჯულ დოლარს მოაქვს 14%-იანი უკუგება, რაც ბევრად აღემატება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე მიღებულ მოგებას . (7,2%) შეფასებებიდან გამომდინარე, სკოლამდელ განათლებაში განხორციელებული ინვესტიცია ბევრად მომგებიანია საზოგადოებისთვის. ამასთანავე, 14%-იანი უკუგების მიღმა სკოლამდელ განათლებას შეიძლება მოჰყვეს არაეკონომიკური სარგებელი: ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის სახით,”- ასე შეაფასეს პერის პროგრამა 2008 წელს.

რეკომენდაციები

ფლორიან ბიერმანის რეკომენდაციით, მნიშვნელოვანია, რომ დახარჯული რესურსებისგან სახელმწიფომ მაქსიმალურად მაღალი შედეგები მიიღოს, გააზარდოს ხელმისაწვდომობა და ბავშვები აღარ დარჩნენ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების გარეშე:

[checklist]

  • გამოიყენონ სკოლებში არსებული რესურსები სკოლამდელი განათლების ჯგუფების გასახსნელად.
  • იქ, სადაც არ არსებობს ბაღისა და სკოლის ინფრასტრუქტურა, შემოიღონ ნაკლები დანახარჯების მქონე სკოლამდელი განათლების ალტერნატივა, მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს “საოჯახო ბაღები”, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში და აღიჭურვებიან ინვენტარით.
  • გაუქმდეს კანონით გათვალისწინებული 9-საათიანი განაკვეთი და გაჩნდეს უფრო მოქნილი ბაღის მოდელები. მაგალითად, საოჯახო ბაღები სოფლებში, სადაც გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი საჭიროებები.
  • ამაღლდეს ბაღებში დასაქმებულების პროფესიონალიზმი.
  • საბავშო ბაღები გახდეს უფრო ხელმისაწვდომი – საჯარო ბაღებში უპირატესობა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს უნდა მიენიჭოს.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი