ელჩების სამუშაო ჯგუფი მთავრობას შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობაზე მიუთითებს

საქართველოში მომუშავე უცხო ქვეყნის ელჩების სამუშაო ჯგუფი (AWG) მწუხარებას გამოთქვამს ტყიბულში 9 მაისს მომხდარის გამო, რამაც 4 მუშის სიცოცხლე შეიწირა. ჯგუფის წევრები დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ და სპეციალურ განცხადებაში სახელმწიფოში შრომის ინსპექციის არსებობის აუცლებლობის შესახებ საუბრობენ:

“ეს ტრაგიკული შემთხვევა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა, მიუთითებს სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის ადეკვატური საშუალებების სასწრაფო დანერგვის აუცილებლობაზე. ასევე, შესაბამისი კანონმდებლობისა და შრომის ინსპექციის შექმნაზე შრომის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად,” – ნათქვამია განცხადებაში.

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი