ახალი ამბებისაზოგადოება

შრომა სხვა პროფესიით [ფოტო]

12 მაისი, 2017 • 7775
შრომა სხვა პროფესიით [ფოტო]

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ბოლო კვლევის მიხედვით, რომელიც 2015 წელს მომზადდა, თბილისში ყველაზე მოთხოვნადი მიმტანის პროფესიაა. მას მოსდევს მღებავის, მაღაზიის გაყიდვების ასისტენტის, მებაღეობის დამწყები კვალიფიკაციის მუშაკის, მეეზოვის, ლოგოპედისა და ბარმენის პოციზიები. წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია და გაიგეთ, როგორ მუშაობენ ამ პოზიციებზე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები :

მზია ჭიჭიაშვილი პროფესიით ექთანია, თუმცა ამჟამად მებაღედ მუშაობს. მზიას ფიქსირებული სამუშაო რეჟიმი აქვს. ყოველ სამუშაო დღეს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე სამსახურშია. დროის დიდ ნაწილს მზეზე ატარებს, გამწვანებაზე ზრუნვას ახმარს. ბუჩქებს ფრთხილად სხლავს. როგორც მზია ამბობს, მცენარეებს ფუტკრები ეხვევა. საკმარისია, ბუჩქი შეარხიოს, მწერები მცენარეებს ტოვებენ, ზოგჯერ აგრესიულებიც არიან, ამიტომ მზიას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა უწევს. მის მიერ მოწყობილ პატარა ბაღსაც სიამაყით გვიჩვენებს, სადაც სხვადასხვა სახეობის მცენარეებია დარგული, მათ შორის კი ბილიკები ქვებითაა მოპირკეთებული. დღეს ბალახის ერთ სიმაღლეზე გაკრეჭა ევალება.

როგორც ამბობს, საკუთარი პროფესიით არასოდეს უმუშავია. ამის ერთ-ერთ მიზეზად ადრეულ ასაკში დაოჯახებას ასახელებს. როგორც მზია ამბობს, თბილისში სამუშაოს პოვნა რთულია, მაგრამ მისი ოჯახის საჭიროებებიდან გამომდინარე, დედაქალაქში გადმოსვლა და სამსახურის ძებნა მოუწია:

“პროფესიით ექთანი ვარ, მაგრამ არასოდეს მიმუშავია ექთნად. ადრეულ ასაკში დავოჯახდი. 20 წლისას უკვე მყავდა შვილი. ბავშვები პატარები რომ იყვნენ, ვერ დავიწყე მუშაობა. აქ ერთი წელი გახდა მარტში, რაც ვმუშაობ. მანამდე სოფელში მქონდა მეურნეობა. ხომ იცით, სოფელში მაინც მოსავალი ყველას მოჰყავს. მიყვარს ბაღში ტრიალი, ფუსფუსი ვენახში – რომ გახედავ ვენახს, უნდა გესიამოვნოს. ჩემი შვილი თბილისში ცხოვრობს, გაჭირდა იქით ცხოვრება ძალიან, შვილებს ვეხმარები და მაგიტომ. ხელფასი რომ მქონოდა, მეც თბილისში გადმოვედი. ქალაქში სამსახურის შოვნა არც მთლად ადვილი არაა. აქ რომ მოვედი, რამდენიმე ვაკანსია ჰქონდათ. რომ ვუთხარი, სოფელი და ბაღის მოვლა მიყვარს, ალბათ, მაგიტომაც ამიყვანეს,” – ამბობს მზია.

სავაჭრო ცენტრ “ისთ ფოინთში” მზია ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დღეში 8 საათს მუშაობს. მისი მოვალეობა გამწვანებაზე ზრუნვაა:

“ბაღში ბალახი არ უნდა იყოს. ჩემი მოვალეობაა, სარეველა არ მოერიოს მცენარეებს. ყურადღება მივაქციო მათ, ჭია არ გაუჩნდეს, და თუ ასეთი რამ მოხდება, უფროსს მივაწოდო ინფორმაცია, რომ გვითხრას, რა გავუკეთოთ. გამწვანებაზე ვზრუნავ,” – ამბობს მზია.

მარიამ გიუნაშვილი სტუდენტია. ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. სწავლის პარალელურად კი თბილისის რამდენიმე ბარში ბარმენად მუშაობს. ყველაფერი, რაც ბარმენის პროფესიას სჭირდება სამუშაო ადგილას, კოლეგებისგან ისწავლა. სხვადასხვა კოქტეილის მომზადებაც ბარში ასწავლეს. ახლა გაუფილტრავი ლუდის ბოთლს ცოტა ხანს უკუღმა იჭერს და წრიულად ატრიალებს. ამბობს, ასე ბოთლის გახსნის შემდეგ ნალექი ქვევით გროვდება და ლუდი უფრო სასიამოვნო დასალევია. მისი კლიენტები ყველაზე ხშირად სწორედ ლუდს სვამენ. შავ ჩამოსასხმელ ლუდთან შედარებით, რომელიც ბარში აქვთ, თეთრი მეტ ქაფს იკიდებს, მის დასხმას მეტი დრო სჭირდება, ჭიქიდან ქაფი რამდენიმეჯერ უნდა გადმოღვაროს და დახრილ ჭიქაში დასხმა გააგრძელოს. დღის განმავლობაში ბარში დატვირთვა ცოტა აქვს, ენერგიას საღამოსთვის ინახავს. დღეს პარასკევია და მარიამს მუშაობა გვიანობამდე, ღამის 2-3 საათამდე მოუწევს. რთული ღამის შემდეგ კი, მეორე დღეს, პირველი საათიდან მეორე სამსახურში უნდა წავიდეს.

როგორც მარიამი ამბობს, საკუთარი პროფესიით ამჟამად მხოლოდ სტაჟირების დაწყება შეუძლია, რომლის პარალელურადაც მუშაობას ვერ შეძლებს. იმისთვის კი, სწავლის გადასახადი რომ გადაიხადოს, ბარმენად მუშაობა უწევს:

მინდოდა, ჩემი შემოსავალი მქონოდა და სწავლის პარალელურად ნახევარგანაკვეთიანი სამსახური მქონოდა. ამიტომ ბარებში დავიწყე მუშაობა, ახლა ორგან ვმუშაობ. ასეთი სამსახური სტუდენტისთვის მოსახერხებელია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდა ჩემი პროფესიით რამე გავაკეთო, სწავლის პარალელურად იმას ვერ ვახერხებ. ეს ანაზღაურება მეხმარება, რომ დამოუკიდებელი ვიყო, სწავლის ფული გადავიხადო და ა.შ.

რამდენი საათი ვმუშაობ, ამის განსაზღვრა ძალიან რთულია, ფიქსირებული არ გვაქვს. კვირის დღეს და ხალხის რაოდენობას გააჩნია. პარასკევს, მაგალითად, გვიანობამდე არის ხალხი. დრო მაქვს, რომ ლექციებზეც ვიარო, გამოცდებზე წავიდე, სამეცადინო დროც მაქვს, უბრალოდ, მღლის. სხვა მხრივ, მე გამიმართლა, აქ ხელს მიწყობენ ძალიან. გამოცდაზე შემიძლია თავისუფლად წავიდე აქედან, ვინმემ შემცვალოს,” – ამბობს მარიამი.

მისი თქმით, ბარმენის ხელფასით დამოუკიდებელი ცხოვრება და ამასთან ერთად, სწავლის გადასახადის დაფარვა რთულია:

“შეიძლება ასეთი სამსახურით მოახერხო სწავლის ფულის გადახდა, მაგრამ ძალიან ეკონომიურად უნდა იცხოვრო. მე გრანტი მაქვს, თორემ სრულ გადასახადს ალბათ ვერ მოვახერხებდი. ჩემს პროფესიას რაც შეეხება, სტაჟირება არ მიცდია. რაც გამიგია, სრული ენერგიის ჩადებას ითხოვს, მერე მუშაობას ვეღარ გავაგრძელებდი და ასე ვარჩიე. არის ძირითადად ფსიქოლოგიის ისეთი განხრები, სადაც მე არ მინდა. არტ-თერაპია, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, ამას მინდა სამომავლოდ გავყვე,” – ამბობს მარიამი. 

მერაბ ბიგინეიშვილი უკვე 15 წელია მძღოლად მუშაობს. აქედან 8 წელი სატრანსპორტო კომპანიის მძღოლია. ერთი გამოძახებიდან მერაბი მეორეზე მიდის და ასე გრძელდება დღის ბოლომდე. როგორც ამბობს, მძღოლობას დიდი ნებისყოფა სჭირდება, რადგან მუშაობის დროს ათასგვარ ადამიანს შეიძლება გადაეყაროს. ქალაქში საცობების გამო ზოგჯერ გამოძახებებზე დროულად მისვლას ვერ ახერხებს, რაც კლიენტების უკმაყოფილებას იწვევს. ხშირად კი თავად მისი კლიენტები იგვიანებენ, მერაბს კი, როგორც ამბობს, იმის გამო, რომ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არსადაა, კლიენტის გამოსვლამდე რამდენიმე წრის დარტყმა უწევს. მერაბის თქმით, მძღოლებისთვის მდგომარეობა თანდათან რთულდება, რადგან ქალაქში მანქანების რაოდენობა მატულობს. თუმცა, მეორე მხრივ, ბევრი მანქანის დანახვა ახარებს კიდეც – ფიქრობს, ხალხს რომ უჭირდეს, მანქანას ვერ შეიძენდნენ.

როგორც მერაბი  ამბობს, სპეციალობით ხის დამუშავების სპეციალისტია. საბჭოთა კავშირის დაშლამდე სამტრედიაში მდებარე ქარხანაში მუშაობდა, შემდეგ ქარხანა დაიხურა, დანადგარები კი ჯართში ჩააბარეს. მას შემდეგ საკუთარი პროფესიით მუშაობა აღარ უცდია:

ხის დამუშავების სპეციალობით სატყეო ტექნიკური ინსტიტუტი დავამთავრე ვორონეჟში. სანამ დაიშლებოდა საბჭოთა კავშირი, ვმუშაობდი სპეციალობით. ახლა წარმოება აღარ მუშაობს, პატარა საამქროები მუშაობს ავეჯის დამზადებაზე ძირითადად. მართალი გითხრათ, აღარ მიცდია, ჩემს პროფესიას დავბრუნებოდი. ძალიან დიდ წარმოებაში ვმუშაობდი, წარმოების უფროსის თანამდებობამდეც მივაღწიე.

საქართველოში ძალიან მწირია ხის მოპოვება, მისი დამუშავება. ჩემი ქარხანა, სადაც მე ვმუშაობდი, სამტრედიაში იყო და  4 000 მუშა-მოსამსახურე ჰყავდა. მერქან-ბურბუშელოვან ფილებს ვამზადებდით. თავიდან პოლონური ორი ხაზი იყო, ბოლო პერიოდში ფინეთიდან შემოიტანეს ტექნიკა-დანადგარები, უნდა მოემარაგებინა ამიერკავკასიის და შუა აზიის ქვეყნები, მაგრამ არ უმუშავია. დაამონტაჟეს ფინელებმა და მერე ჯართში გაიყიდა” – ამბობს მერაბი.

მისი თქმით, მძღოლებზე, რომლებსაც ამ საქმიანობაში გამოცდილება აქვთ, მოთხოვნა დიდია, ანაზღაურება კი იმაზეა დამოკიდებული, როგორი დატვირთვით იმუშავებს:

აქ ყოველდღე ვმუშაობ, დილიდან საღამომდე. ჩემზეა დამოკიდებული. შემიძლია, ღამე გამოვიდე, შემიძლია, დილით – როგორ ავეწყობი, ამაზეა დამოკიდებული. ანაზღაურებაც, რა თქმა უნდა, გრაფიკზეა დამოკიდებული. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მაქსიმალურად უნდა დაიტვირთო, სხვანაირად ვეღარ იცხოვრებ. ოჯახი მყავს, ორი შვილი, სამი შვილიშვილი. შვილები მუშაობენ, მაგრამ დახმარება მათაც სჭირდებათ.  ამ კომპანიაში უკვე 8 წელია ვმუშაობ და სანამ შემეძლება, ალბათ ვიქნები “ტრანსკომში”.

დღეის გადმოსახედიდან ყველა მძღოლია, მაგრამ პროფესიონალებზე, ვისაც გამოცდილება აქვს, მოთხოვნილება არის. ხალხთან ურთიერთობა, პროფესიონალიზმი. ტაქსი მაინც ისეთი სპეციფიკური სამუშაოა, რომელიც ძალიან დიდ ნებისყოფას მოითხოვს. ათასი ჯურის და ხასიათის ადამიანი შეგხვდება, შენ კი ყველას უნდა მოერგო. თუ არადა, კონფლიქტი გარდაუვალია. ბევრს ვხედავ ხოლმე, ხსნიან ტაქსის ტრაფარეტს და სამსახურში მიდიან, ან სახლში წასვლისას დაადგა, პურის ფული რომ იშოვოს, ვისაც მცირე ანაზღაურებადი სამსახური აქვს. ასეთი რამეებიც ხდება” – ამბობს მერაბი.

სტუდენტია ნანა იოსელიანიც. ნანა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კინომცოდნეობის მიმართულებაზე სწავლობს. როგორც ნანა ამბობს, ისეთი სამუშაოს პოვნა ამ პროფესიით, სტაბილური შემოსავალი რომ ჰქონდეს, რთულია. კაფეში, სადაც ახლა მუშაობს, ამბობს, რომ ოჯახური გარემოა, დატვირთვაც დღის განმავლობაში ცოტაა. როცა არ მუშაობს, იმ დღეებსაც კაფეში ატარებს. ამბობს, რომ მიმტანობა იმაზე რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფიზიკური დატვირთვის გარდა პრეტენზიული სტუმრების მომსახურებაც ხშირად უწევს. მენიუ თითქმის ზეპირად იცის და კაფეს სტუმრებს არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. ნანა საკუთარ მეგობარს, რომელიც მის კაფეს სტუმრობს, “ტუნას სალათს” ურჩევს, რადგან მისი თქმით, “ცეზარი” მეტად კალორიულია. მთელი დღე ფეხზე დგომისა და სტუმრების მომსახურების შემდეგ კი ყველაზე დიდ შვებად იმ 5-წუთიან შესვენებებს ასახელებს, რომლის დროსაც ყავის დასალევად ან საჭმელად გადის.

საკუთარი პროფესიით ძირითადად პროექტებში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სწავლის გადასახადს თავად იხდის, უნივერსიტეტში აკადემიური აიღო და მუშაობა მიმტანად დაიწყო:

მე კინომცოდნე ვარ, ამ პროფესიისთვის საქართველოში დიდი ასპარეზი არაა. ან ვერ პოულობ, ან სტაბილური სამსახური არაა. ძირითადად პროექტები იყო ხოლმე, რაშიც ჩემი პროფესიით ვმუშაობდი. შესაბამისად, მერე უკვე ირჩევ მარტივ გზას. მარტივი გზა არის  მიმტანობა.

ადრე ორ კაფეში ვმუშაობდი. სწავლის ფული რომ დავაგროვე, ერთიდან წამოვედი. მუშაობის და სწავლის შეთავსება ძალიან რთულია. ილიაში უფრო მარტივი სისტემაა, შეგიძლია ყველაფერი შენზე მოირგო, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ ერგება, ძირითადად ყველაფერს წონის სამუშაო საათები. სამუშაო საათები, როგორც ყველამ ვიცით, არ არის დარეგულირებული. ის 8 საათი, რაც უნდა იმუშაო კანონით, იმაზე მეტს მუშაობ. შესაბამისად, მერე არაფრისთვის გრჩება დრო- არც სწავლისთვის, არც საკუთარი თავისთვის, თვითგანვითარებისთვის. ამიტომ შუალედური გზა უნდა მოძებნო. ჩემს შემთხვევაში ასეთი გამოსავალი ვიპოვე, რომ შემეწყვიტა სწავლა დროებით, დავაგროვე ფული და ახლა უნდა გავაგრძელო” – ამბობს ნანა.

მისი თქმით, მიმტანად სამსახურის პოვნა მარტივია, თუმცა დატვირთვა დიდია. დღეში საშუალოდ 12 საათი მუშაობა უწევს და არც ანაზღაურებაა დიდი:

“მიმტანად სამსახურის პოვნა მარტივია, თუმცა თითონ მიმტანობა მარტივი არაა. საშუალოდ მაინც 12 საათი გამოდის სრული განაკვეთი. ნახევარი განაკვეთი შეიძლება 8 საათი გამოვიდეს. სადაც მიმუშავია, თითქმის ყველგან მცოცავი გრაფიკია. ასე უფრო მოსახერხებელია, ძირითადად სტუდენტები მუშაობენ მიმტანებად. სწავლის ფულის შესაგროვებლად 5 თვე დამჭირდა, არადა, ჩემი წარმოდგენით 2 თვეში უნდა შემეგროვებინა. მიმტანისთვის ანაზღაურება არაა ისეთი მაღალი, რომ დამოუკიდებლად ცხოვრებაც შეძლო, კომუნალურები იხადო და ამ ყველაფერს მარტომ გაუძლო, მაგრამ ვიღაცები ახერხებენ. მე ვგრძნობდი ხოლმე, როცა ვმუშაობდი, რომ სოციალურ მარწუხებში ვიყავი მოქცეული. არაფრისთვის დრო არ მრჩებოდა გარდა მუშაობისა, რაც ძალიან დამთრგუნველია. პიროვნულად ვერ ვითარდები, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,” – ამბობს ნანა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი