მოხეში მუსლიმები ღია ცის ქვეშ ლოცულობენ. ფოტო - TDI-ის ვიდეომასალიდან

EMC: მოხის კომისიის გადაწყვეტილება კონფლიქტის კონსერვაციის მცდელობაა

რელიგიის საკითხთა სააგენტოს 11 მაისის გადაწყვეტილებით, მოხის სადავო ნაგებობა სახელმწიფოს საკუთრებაში გადავიდა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გადაეცა, რომელმაც ძეგლს უნდა მოუაროს და დაიცვას.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე კონფლიქტის კონსერვირების მცდელობას წარმოადგენს და ის სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით პრობლემურია.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფომ რეალურად ვერ მოახერხა სადავო ისტორიული შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლა და მისი ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების/რესტიტუციის პროცესის დაწყება.

“სახელმწიფომ დავის გადაწყვეტა იმთავითვე გაიყვანა სამართლებრივი მოწესრიგების სფეროდან და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად აქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან და ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების, რელიგიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს.” – ნათქვამია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი თქმით, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სადავო საკულტო შენობა-ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას, მათ შორის, ამ მიმართულებით რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას საჭიროებს. ორგანზიაცია სახელმწიფოს დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს:

“თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ისტორიული შენობების დიდ ნაწილზე პრეტენზიას დომინანტი რელიგიური ეკლესია გამოთქვამს, სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ბედავს სეკულარული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკის განხორციელებას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უზრუნველყო საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, იმავე პოლიტიკის განუხორცილებლობა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას უფრო თვალსაჩინოს ხდის. ცხადია, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, იმთავითვე არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის კონსენსუსის პრინციპით საკითხის გადაწყვეტა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის პრივილეგირების და დისკრიმინაციის საფრთხეებს შეიცავს. მოხეს შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომა ცალსახად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, სადავო საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი სისტემურად, სამართლებრივი საფუძვლებითა და პროცედურებით მოაწესრიგოს.”

EMC-ში აცხადებენ, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია არ იყო სათანადოდ რეპრეზენტაციული და გამჭირვალე და ადგილობრივი მუსლიმი თემის ხმა და ინტერესები კომისიაში არ ისმოდა. ასევე სახელმწოფომ არაფერი გააკეთა ადგილობრივების შესარიგებლად.

“კომისიაში მხოლოდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა დაბალია, რასაც არაერთი განცხადება აჩვენებს. მუსლიმი თემის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირების შეყვანა კომისიაში. სწორედ ამ მიდგომით, სახელმწიფომ კიდევ უფო გააღრმავა ოფიციალურ რელიგიურ ინსტიტუციასა და მუსლიმ თემს შორის უნდობლობა.”

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ სისტემური დისკრიმინაციის ტენდეციას ატარებს და მუსლიმი თემის პოლიტიკურ და სოციალურ ექსკლუზიას უწყობს ხელს.

EMC აგრძელებს კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მუსლიმ თემს შესაბამის სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი