ახალი ამბები

ეთნიკური უმცირესობები და ასაკობრივი ჯგუფები – NDI-ს კვლევის მიგნებები

12 მაისი, 2017 • 2619
ეთნიკური უმცირესობები და ასაკობრივი ჯგუფები – NDI-ს კვლევის მიგნებები

NDI საქართველოს დირექტორის ლორა თორნტონის თქმით, იმის მიუხედავად, რომ საქართველოში დიდია ევროკავშირისა და ნატოს წევრობისადმი მხარდაჭერა, გავრცელებულია მითები, რომელთა მიმართ ყველაზე დაუცველი ეთნიკური უმცირესობები და ასაკოვანი მოსახლეობაა.

ლორა თორნტონის თქმით, საზოგადოებრივი აზრის 2017 წლის აპრილის კვლევის მიხედვით, მთავარი მიგნება არის ის, რომ ევროკავშირისადმი და ნატოსადმი წევრობის მხარდაჭერა განსაკუთრებით მაღალია და მხარდამჭერათა რიცხვი გასული წლის ნოემბრის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

“ჩვენ ვხედავთ არაერთ მითს, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას, პროპაგანდას,  რომელიც ასევე მოიცავს იმას, რომ ეს [ნატოსა და ევროკავშირის წევრობა] გამოიწვევს რუსეთის აგრესიას და ეროვნულ იდენტობასა და კულტურას ემუქრება”, – ამბობს თორნტონი.

თორტონი ყურადღებას ამახვილებს კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვით, საქართველოში სჯერათ, რომ რუსეთს პროპაგანდა ძლიერია. ასევე საინტერესოა უსაფრთხოების თემა – ქართველებს სჯერათ, რომ აშშ და თვითონ საქართველო არიან ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გარანტორები.

NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი

NDI საქართველოს დირექტორი ლორა თორნტონი

თორნტონის აზრით, კვლევამ ნათლად აჩვენა, რომ მოწყვლადი მოსახლეობა არის ასაკოვანი და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მცხოვრები.

“გვჭირდება აქტიური საგანმანათლებლო კამპანია, მივაწოდოთ მათ ინფორმაცია, რას ნიშნავს ევროკავშირის და ნატოს წევრობა, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია რუსეთის შესახებ”, – ამბობს თორნტონი.

ლორა თორნტონის თქმით, ცხადია, ხალხს აქვს ინფორმაცია სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ, თუმცა, ამავე დროს, არსებობს მითები, რომ საქართველოში გაიზრდება ლტოლვილების რაოდენობა, ან პირიქით- საქართველოდან მიგრაცია მასობრივი გახდება.

“CRRC საქართველოს” დირექტორმა კობა თურმანიძემ ყურადღება გაამახვილა კვლევის იმ შედეგებზე, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია და ეს მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურია, თუმცა მოსახლეობის ასევე დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია გაუმჯობესებას საჭიროებს.

კობა თურმანიძის აზრით, საბჭოთა კავშირის დაშლისადმი უარყოფითი დამოკიდებულება გამოწვეულია ეკონომიკური ფაქტორებით.

“ასაკობრივ ჭრილში რომ შევხედოთ, ხანდაზმული ხალხი უფრო ფიქრობს, ვიდრე ახალგაზრდები, ახალგაზრდებმა არც იციან, რა იყო საბჭოთა კავშირი. აქ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორები, ვიდრე იდეოლოგიური და საგარეო ორიენტაციის ფაქტორები. ეს ერთგვარი დამამშვიდებელი მიგნებაა, რომ მთავარია ეკონომიკური სიდუხჭირე და არა ქვეყნის მიმართულების ეჭვქვეშ დაყენება”, – ამბობს თურმანიძე.

ის ადამიანებიც კი, ვინც ფიქრობენ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ცუდი იყო, მაინც მხარს უჭერენ ევროკავშირში გაწევრიანებას, ამბობს თურმანიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი