ახალი ამბები

სახელმწიფო მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას აგრძელებს – TDI

11 მაისი, 2017 • 5152
სახელმწიფო მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ პოლიტიკას აგრძელებს – TDI

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) განცხადებით, მუსლიმი თემის საკუთრებისა და საკულტო ნაგებობის მშენებლობის საკითხებზე მიღებული ორივე გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ავლენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას, უხეშად არღვევს საქართველოს მოქალაქე მუსლიმების კონსტიტუციურ უფლებებს, ჰქონდეთ შესაბამისი სალოცავი პირობები და თანასწორად სარგებლობდნენ საკუთრების უფლებით.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, 11 მაისს ცნობილი გახდა სახელმწიფოს მიერ ორ მნიშვნელოვან საკითხზე მიღებული გადაწყვეტილება: ბათუმში მუსლიმ თემს ადგილობრივმა ხელისუფლებამ უარი უთხრა მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე, ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე მუსლიმების ისტორიული მეჩეთი სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს გადაეცემა.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ა(ა)იპ “ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის” 2017 წლის 8 თებერვლის განცხადება მშენებლობის ნებართვის გაცემის I სტადიაზე, მიწის ნაკვეთის მეჩეთის ასაშენებლად გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ არ დააკმაყოფილა.

არგუმენტად ბათუმის მერიამ დაასახელა შემდეგი მიზეზები: მიწის ნაკვეთი მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, შესაბამისად, ამ ადგილას მეჩეთი ვერ აშენდება.  მერიის თქმით, საკულტო ნაგებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და საჭიროებს დამატებით ფართს გადაადგილებისა და ტრანსპორტირებისთვის, რა მოთხოვნებსაც არსებული მიწის ნაკვეთი ვერ უზრუნველყოფს.

ბათუმში მუსლიმი მოქალაქეები მეჩეთის მშენებლობას წლებია ითხოვენ. დღესასწაულებზე და პარასკევობით არსებული მეჩეთი ხალხს ვერ იტევს და რამდენიმე ასეული მუსლიმი ლოცვას ქუჩაში, ღია ცისქვეშ აღავლენს.

„ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი“ 2016 წლის ივნისში დაარსდა  და მიზნად მეჩეთის აშენებისათვის საჭირო გზების ძიება დაისახა. საბოლოო ჯამში, როგორც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი აცხადებს, არც ხელმოწერების შეგროვებისა და არც მშვიდობიანი აქციების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტული ნაბიჯები არ გადაუდგამთ: “ამიტომ „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ 2016 წლის სექტემბერში საკუთარი რესურსებითა და ადგილობრივი მორწმუნეების შემოწირულობებით მიწის ნაკვეთი შეისყიდა, მოგვიანებით კი ადგილობრივ თვითმმართველობას მშენებლობის ნებართვის მისაღებად განცხადებით მიმართა.”

არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ბათუმში მეჩეთის მშენებლობაზე უარყოფით გადაწყვეტილებასთან ერთად, სახელმწიფომ  მუსლიმ თემს უარი უთხრა ისტორიული ნაგებობის დაბრუნებაზეც:

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობას, რომლის დაბრუნებასაც მუსლიმი თემი წლებია ითხოვს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა და  „სადავო ნაგებობა” ეწოდა. სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ნაგებობა ადიგენის მუნიციპალიტეტის საკუთრებიდან გადავა სახელმწიფოს საკუთრებაში და შემდგომი “რეაგირების”  მიზნით, ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაეცემა.”

კომისია, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, შენობის წარმომავლობის დადგენის საბაბით, 2014 წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შეიქმნა და დაკომპლექტდა ქრისტიანი და მუსლიმი თემის, ადგილობრივი ხელისუფლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებით.

როგორც TDI აცხადებს, უნდა აღინიშნოს, რომ მუსლიმი თემის მხრიდან კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ მხოლოდ იმ ორგანიზაციის („სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო“) წარმომადგენლები, რომლებსაც მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ენდობა: “ადგილობრივი მუსლიმების თხოვნაზე, პროცესში  ჩართულიყვნენ დამოუკიდებელი ექსპერტები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უარი განაცხადა. დამკვირვებლის სტატუსით ჩართვის მოთხოვნაზე სააგენტომ უარი უთხრა საქართველოს სახალხო დამცველსაც, იმ არგუმენტით, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ ვრცელდებოდა კომისიის საქმიანობაზე.”

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში კომისიის საქმიანობა იყო აბსოლუტურად გაუმჭვირვალე და მისი მუშაობის შესახებ ინფორმაციზე ხელი არ მიუწვდებოდათ სახალხო დამცველსა და დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს:

“როგორც საბოლოო გადაწყვეტილებით ირკვევა, კომისიას არ შეუსწავლია შენობის წარმომავლობა, შესაბამისი ისტორიული დოკუმენტები, არ უმსჯელია პრობლემის მოგვარების სამართლებრივ გზებსა და ისტორიული ნაგებობის კუთვნილების დადგენის საკითხებზე.”

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, კომისიის 2016 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი სოფელ მოხეში, მასზე მეჩეთის მშენებლობის მიზნით.

“კომისიის გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არ ეყრდნობა საქართველოს კანონმდებლობას. კომისიას არ გააჩნია არც კომპეტენცია და არც უფლებამოსილება, მიანიჭოს კულტურული ძეგლის სტატუსი რაიმე ქონებას.  ამასთანავე, თვითმმართველობის ქონების განკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას თავად ამ ქონების მესაკუთრე, ადგილობრივი თვითმმართველობა იღებს. მიუხედავად იმისა, რომ სხდომის ოქმებში მოხსენიებულია „კომისიის გადაწყვეტილება“, მას სავალდებულო ხასიათი ვერ ექნება და მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის  შეიძლება იყოს,” – აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი.

TDI იურიდიულ დახმარებას უწევს მუსლიმი თემის წარმომადგენლებს და მათი ინტერესების დაცვის მიზნით, გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი