ახალი ამბებისამართალი

ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის საჯაროდ დათესვის გამო 500 ლარით დააჯარიმეს

11 მაისი, 2017 • 7003
ზურაბ ჯაფარიძე მარიხუანის საჯაროდ დათესვის გამო 500 ლარით დააჯარიმეს

დღეს, 11 მაისს, თბილისის საქალაქო საამართლომ პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე 2016 წლის 31 დეკემბერს მარიხუანის საჯაროდ დათესვის გამო 500 ლარით დააჯარიმა. ინფორმაცია საქალაქო სასამართლოში დაგვიდასტურეს.

ახალი წლის ღამეს “გირჩის” ოფისში მარიხუანა საჯაროდ, მედიის წარმომადგენლების გარდა, თითქმის ყველამ დათესა, თუმცა სასამართლომ მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე დააჯარიმა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში განგვიმარტეს, საჩივარი მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ იყო შეტანილი, შესაბამისად, სასამართლომ მხოლოდ ის დააჯარიმა.

ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გასაპროტესტებლად 31 დეკემბერს პარტიის წევრებმა “გირჩის” ოფისში მარიხუანა საჯაროდ, ჟურნალისტების თანხლებით დათესეს. მაშინ იქ პოლიცია არ მისულა, იმის მიუხედავად, რომ ამ აქციის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი და, როგორც პარტიის წევრების აცხადებენ, არც შემდეგ გამოჩენილან. თუმცა შსს–მ მარიხუანის დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

2017 წლის 11 იანვარს პოლიციელებმა პარტიის ოფისში დათესილი მარიხუანის 80 ჩითილი აღწერეს, შეფუთეს და წაიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. ამ მუხლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი