ახალი ამბები

მარგველაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება არ გამიკეთებია

11 მაისი, 2017 • 2443
მარგველაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება არ გამიკეთებია

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას არსად უთქვამს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას. ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებას იმის შესახებ, რომ გიორგი მარგველაშვილს არჩევნების მოგების შანსი არ აქვს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით,  საერთოდ, პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც მის მიერ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვება ფართო რეზონანსი და მის განცხადებას ყურადღებას აქცევენ.

“კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, როცა განცხადებას არ გააკეთებ და ამას მოჰყვება გარკვეული კომენტარები. მე არჩევნებში მონაწილეობაზე საერთოდ არ გამიკეთებია განცხადება და ამაზე კომენტარებს რომ აკეთებენ, საინტერესო ვითარებაა.  ვიმეორებ, მე არ გამიკეთებია განცხადება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვაპირებ მონაწილეობას. შესაბამისად, ჩემს არგაკეთებულ განცხადებაზე გაკეთებული კომენტარები მომწონს, კარგი სტილია,” – აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

დღეს, 11 მაისს, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება გიორგი მარგველაშვილის პერსონას არ უკავშირდება. მისივე თქმით, არავის  აქვს ილუზია, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებას მოიპოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი