ელისო კილაძის შვილის საქმის მოსამართლე საბჭომ კვლავ საქალაქო სასამართლოში დანიშნა

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილის, დავით ხარშილაძის საქმის მოსამართლე, ქეთევან ჯაჭვაძე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კვლავ თბილისის საქალაქო სასამართლოში დანიშნა.

დღეს, 11 მაისს, ქეთევან ჯაჭვაძე 10 ხმით თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო კოლეგიაში დაინიშნა.

ელისო კილაძე ამ მოსამართლის კვალიფიკაციასა და იურისტის დიპლომს ეჭვის ქვეშ აყენებს.

კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდიდან ირკვევა, რომ ქეთევან ჯაჭვაძემ 1998 წელს დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ელისო კილაძე ამბობს, რომ ეს ინსტიტუტი 1996 წელს დაარსდა, 2 წელიწადში კი ქეთევან ჯაჭვაძე იურისტის დიპლომის აღებას ვერ შეძლებდა. რუსთავი 2-თან საუბრისას ელისო კილაძის ადვოკატი ამბობს, რომ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მას შემდეგ დაემატა, როდესაც ჯაჭვაძე მეორე კურსზე იყო.

“როცა დაამთავრა, თუ ის შეესაბამებოდა, ის აღიარებული იქნა განათლების სამინისტროს მიერ თავის დროზე, ახლა შეიძლება 100 წლის შემედეგ ჰარვარდიც გაუქმდეს, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჰარვარდი ვისაც აქვს დამთავრებული, 100 წლის შემდგ მოსთხოვო პასუხი. ეს ლოგიკა არის,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ ელისო კილაძის ბრალდებების პასუხად.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის” სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 1996 წელია. თუმცა ინსტიტუტის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ინსტიტუტი საგარეჯოში 1991 წელს დაარსდა. ამავე დოკუმენტაციის თანახმად, 2006 წელს მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ინსტიტუტი დაიხურა და ბოლო წლებში ვერც აკრედიტაციის გავლა შეძლო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი