შალვა ხუციშვილი

შსს უცხოეთში ქართველ კრიმინალებთან ბრძოლას ფარული პოლიციელების საშუალებით აპირებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საზღვარგარეთ ფარულ პოლიციელებს გააგზავნიან, რომელთა მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა იქნება. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამზადებს კანონპროექტს  “ფარული პოლიციის შესახებ”, რომელიც ფარული მუშაობის საკითხებს დაარეგულირებს.

“საუბარია იმის შესახებ, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საპოლიციო რესურსების გამოყენება შეგვეძლოს და ეს ის პოლიციელები არიან, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით ღიად არ იმუშავებენ, უცხოეთის ქვეყნებში ფარულად იქნებიან. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა იქნება. რა თქმა უნდა, იმ ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი. ”

ხუციშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ეს ინსტიტუტი და ერთმანეთს ეხმარებიან, რომ პოლიციის მხრიდან კონკრეტული, ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მოხდეს.

“ეს იქნება ქართველი და მათთან დაკავშირებული კრიმინალების მიმართ, თუმცა ეს არ იქნება მასიური და იქნება კონკრეტული ღონისძიების სახით. ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და დეტალურად შემდეგ მოგახსენებთ”, – განაცხადა ხუციშვილმა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.