ახალი ამბები

ბესელია: პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნაში ჩავერიოთ

11 მაისი, 2017 • 1688
ბესელია: პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნაში ჩავერიოთ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, მას კონსტიტუცია უკრძალავს, ჩაერიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით.

“ჩვენ, პოლიტიკოსებს არ გვაქვს უფლება, კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხში ჩავერიოთ. ამის უფლება საკანონმდებლო ორგანოს კონსტიტუციით აკრძალული აქვს. ეს ითვლება ძალიან უხეშ ჩარევად. ჩვენ ვქმნით საკანონმდებლო გარანტიებს იმისთვის, რომ სასამართლომ იფუნქციონიროს დამოუკიდებლად,” – განაცხადა ბესელიამ.

კითხვაზე, ხომ არ ჩქარობს იუსტიციის საბჭო ხელისუფლებისათვის სასურველი მოსამართლეების ვადის ამოწურვამდე დანიშვნას და უჩნდება თუ არა მას შეკითხვები ამ პროცესის მიმართ, ბესელია ამბობს, რომ როგორც პარლამენტარი ამ შეკითხვებს ვერ უპასუხებს:

“მიუხედავად ჩემი პირადი შეხედულებებისა, ჩვენ კონსტიტუცია გვიკრძალავს, ჩავერიოთ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

კითხვა ბევრ რამეზე მიჩნდება, მაგრამ კითხვების არსებობის მიუხედავად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციური სტანდარტი დავიცვათ,” – განაცხადა ბესელიამ.


დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი