ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა კალაძეს პასუხობს: სამწუხაროდ, ფასანაურის აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია

11 მაისი, 2017 • 6839
მწვანე ალტერნატივა კალაძეს პასუხობს: სამწუხაროდ, ფასანაურის აქციაში მონაწილეობა არ მიგვიღია

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” აღმასრულებელი დირექტორი ნინო გუჯარაიძე კახა კალაძის განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ ფასანაურში ადამიანებმა თავად გამართეს აქცია და “მწვანე ალტერნატივას” არ აქვს მიზეზი, რომ ვინმეს ამოეფაროს.

დღეს კახა კალაძემ განაცხადა, რომ “მწვანე ალტერნატივა” აბუნტებს ხალხს ფასანაურში, სადაც გუშინ ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა, რომელიც შემდეგ პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა

“არ ვიცი, რატომ აქვს ასეთი განცდა მინისტრს, რადგან “მწვანე ალტერნატივას” აქციები გაუმართავს და, როგორ წესი, ვაცხადებთ ხოლმე ამის შესახებ. მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ შეიძლება, რომ დავიმალოთ ვინმეს უკან, თუ აქციას ვაწყობთ. ასეთი განცხადებები განსაკუთრებით ამძაფრებს უნდობლობას იმ ადამიანებში, ვინც იყვნენ ამ აქციის მონაწილეები. ძალიან შეურაცხმყოფელია ასეთი განცხადება მათ მიმართ, მათ ეუბნება, რომ არ შეუძლიათ აქციის გამართვა და ვიღაცისგან მართვა სჭირდებათ”, – ამბობს ნინო გუჯარაიძე.

გუჯარაიძის თქმით, სამწუხაროდ, ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ ფასანაურის მოსახლეობას აქციის დაგეგმვაში დახმარებოდნენ, ადამიანური რესურსის სიმცირის გამო მოსახლეობამ აქცია დამოუკიდებლად გამართა.

ნინო გუჯარაიძის განცხადებით, გადამცემი ხაზების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება მსოფლიოში აღიარებული მოვლენაა, ამ საკითხზე ინფორმაციის მიღება ყველა ადამიანს შეუძლია, მათ შორის, ფასანაურის მოსახლეობას.

ნინო გუჯარაიძე ამბობს, რომ ასეთი კონფრონტაციული განცხადება დამაზიანებელია უპირველესად მთავრობისთვის, რადგან ეს უწყების მიმართ უნდობლობას იწვევს და წარმოაჩენს დამოკიდებულებას არასამთავრობო სექტორის მიმართ.

“ერთგვარად, ეს განცხადება სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას აჩვენებს და კარგს არაფერს აჩვენებს. ეს არის საქმიანობა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება უნდა ეწეოდეს. იარლიყების მიწებება და უცნაური შეფასებები არის ძალიან არაადეკვატური. ამ შემთხვევაში, თუნდაც ჩვენს ორგანიზაციას არაფერს დააკლებს მსგავსი განცხადება. შეიძლება, ცოტა მეტი სტიმული მოგვცეს, რომ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ”, – ამბობს ნინო გუჯარაიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი