ახალი ამბები

გიგაური: სასამართლოსადმი დაბალია ნდობა, რადგან ვერ ვნიშნავთ ღირსეულ მოსამართლეებს

11 მაისი, 2017 • 2367
გიგაური: სასამართლოსადმი დაბალია ნდობა, რადგან ვერ ვნიშნავთ ღირსეულ მოსამართლეებს

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს, რომ სასამართლოსადმი ნდობა კვლავაც დაბალია იმის გამო, რომ ვერ ხერხდება მოსამართლეებად ღირსეული კანდიდატების დანიშვნა.

“მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საქმეებში შეიძლება გაუმჯობესება გვქონდეს, მაინც სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ჩვენს საზოგადოებაშ არის ძალიან დაბალი იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ, სასამართლოში დაინიშნონ ღირსეული კანდიდატები და ღირსეული მოსამართლეები.

დღეს  სასამართლოს სახეებად მაინც გვევლინებიან ბატონი მურუსიძე და ჩინჩალაძე და ისინი ინიშნებიან უვადოდ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენი რეფორმის ტალღაც არ უნდა მივიღოთ, თუკი სასამართლოს სახეები მაინც იქნებიან ეს ოდიოზური ფიგურები, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ რეფორმებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი პრობლემა,” – განაცხადა გიგაურმა.


დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი