ნაცვლიშვილი: ზოგი მოსამართლის დანიშვნის მიზეზი შესაძლოა ხელისუფლებისადმი ლოიალობა იყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცესს, რომელიც დღეს იმართება.

“მოსამართლეთა დანიშვნის სისტემა და ამ სისტემიდან გამომდინარე პრაქტიკა არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი, რატომაც სასამართლო სისტემა ვერ სარგებლობს ვერც საზოგადოების, ვერც საექსპერტო წრეების და მათ შორის ვერც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნდობით. იმიტომ, რომ ეს სისტემა არ არის ორიენტირებული, სასამართლო სისტემაში დაინიშნონ ყველაზე უფრო კომპეტენტური და ყველაზე უფრო კეთილსინდისიერი ადამიანები.

პირიქით, სწორედ ამ სისტემის დახმარებით შესაძლებელი იყო და შესაძლებელი რჩება სასამართლო სისტემაში კვლავ გამწესდნენ ის ადამიანები, რომლებმაც თავიანთი საქმიანობით, წარსულში თუ დღევანდელობაში, არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათ არ გააჩნიათ არც პრინციპული ხასიათი, არც მაღალი კვალიფიკაცია. მათი დანიშვნის და ამ სისტემაში შენარჩუნების ერთადერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს ლოიალობა სასამართლო ჯგუფების და ნებისმიერი ხელისუფლების მიმართ, ვინც მოვა,” – განაცხადა ანა ნაცვლიშცილმა.


დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება ამ მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი