ახალი ამბები

ჰერმანი: ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით ადევნებს თვალს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს

11 მაისი, 2017 • 1937
ჰერმანი: ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით ადევნებს თვალს მოსამართლეების დანიშვნის პროცესს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესს გამოეხმაურა:

“რა თქმა უნდა, მე არ მინდა კომენტარის გაკეთება კონკრეტული მოსამართლეების დანიშვნაზე. მხოლოდ ერთი რამის თქმა მინდა: პროცესები ირეკლავს იმ მიღწევებს, რომლებიც უკვე არსებობს რეფორმების კუთხით. ჩემი აზრით, ეს არის მთლიანი თანამშრომლობის ერთი კონკრეტული მონაკვეთი. მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ არსებობს გაუმჯობესება – მოსამართლეების დამოუკიდებლობა, პროცესების ხარისხი.

იმის მიუხედავად, რომ მე არ მინდა ამ საკითხზე, კონკრეტულ შემთხვევებზე კომენტარის გაკეთება, ევროკავშირის დელეგაცია ყურადღებით ადევნებს თვალს ამ პროცესებს, რათა ვიცოდეთ, რამდენად შორს მიდის რეფორმა,” – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

დღეს იუსტიციის საბჭოს სხდომა იმართება, სადაც რამდენიმე მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხი განიხილება.

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

ამ წესით იუსტიციის საბჭოს შესაძლებლობა ეძლევა, უვადოდ დანიშნოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე, მაია სულხანიშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე და სხვები, რომელთა საქმიანობის მიმართ არსებობს მოტივირებული და საფუძვლიანი პრეტენზიები საზოგადოებაში.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ნაწილი ეწინააღმდეგება აღნიშნული მოსამართლეების უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი