ახალი ამბები

ნაცვლიშვილი: დერეგულაცია და მოქნილი შრომის ბაზარი არ განაპირობებს ქვეყნის წარმატებას

11 მაისი, 2017 • 3819
ნაცვლიშვილი: დერეგულაცია და მოქნილი შრომის ბაზარი არ განაპირობებს ქვეყნის წარმატებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში საჭიროა ისეთი შრომის ინსპექცია, რომელიც არა მარტო უსაფრთხოებას, არამედ შრომითი უფლებების აღსრულებასაც შეამოწმებს.  ამის შესახებ მან დღეს, 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბექა ნაცვლიშვილის აზრით, 25 წელია ვცხოვრობთ მცდარ იდეოლოგიურ შეხედულებაში, რომ დერეგულაცია და მოქნილი შრომის ბაზარი განაპირობებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას.

“სწორედ ამ მცდარმა იდეოლოგიურმა შეხედულებამ განაპირობა ის, რომ ამდენი წლის განმავლობაში არ შეიქმნა ჯეროვანი შრომის ინსპექცია და საზედამხედველო ფუნქციებით აღჭურვილი სამსახურები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევდნენ როგორც უსაფრთხოებას, ისე შრომით პირობებს. მყარად ვარ დარწმუნებული, რომ ტყიბულში მომხდარი ტრაგედია მაინც გამოიწვევს დამოკიდებულების გააზრებას და მართლაც შეიქმნება ისეთი მექანიზმები, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებენ ასეთ უდიერ დამოკიდებულებას შრომითი ურთიერთობების მიმართ. მინდა თანაგრძნობა გამოვუხატო გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს,” – ამბობს ნაცვლიშვილი.

დეპუტატის თქმით,  სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქცია ეცდება  ისეთი შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება არა მხოლოდ უსაფრთხო გარემოზე, არამედ ზედამხედველობას გაუწევს შრომით უფლებებს.

“თუ მაღალი რისკის საწარმოებში დარღვევები ცხადი და ადვილად დასადგენია,  ეკონომიკის სხვა სექტორებში ასე არ არის. სერვისის სექტორში დასაქმებულები სამსახურში კონტრაქტით გათვალისწინებულზე მეტ დროს ატარებენ. აქედან გამომდინარე, როცა პარლამენტში შემოვა კანონპროექტი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ შეიქმნას ინსპექცია, რომელიც უსაფრთხოების ნორმების გარდა, შრომითი უფლებების დაცვის საკითხსაც შეამოწმებს. თუ ინსპექციას კომპანიაში წინასწარი შეთანხმების გარეშე შესვლის და სანქციების დაკისრების უფლება არ ექნება, ჩვენ ასეთი ტრაგედიების პრევენციას ვერ მოვახდენთ,” – აღნიშნავს ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილის თქმით, ბიზნესის წარმატება ადამიანების ექსპლუატაციით არ უნდა იყოს განპირობებული:

“ჩვენ ძალიან პარადოქსულ ვითარებაში ვცხოვრობთ. ბიზნესის კეთების სიმარტივით ვართ ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა და, ამავდროულად, სამუშაო ადგილზე დაღუპულთა და დასახიჩრებულთა რაოდენობითაც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ვართ. ამ ორ ფაქტორს შორის გარკვეული კორელაცია არსებობს. როგორც ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში, საქართველოში კომპანიის წარმატება არ უნდა იყოს განპირობებული მძიმე შრომითი პირობებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პირობებით. არამედ განპირობებული უნდა იყოს უსაფრთხო შრომითი გარემოთი და ღირსეული ანაზღაურებით.”

დეპუტატის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ხელისუფლების შეცვლის დონე შემცირდა, ის მაინც მაღალია და ადამიანები თანხმდებიან ხოლმე მძიმე შრომის პირობებს.

“ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია მინიმუმამდე დაიყვანოს რისკები, რათა დამსაქმებელმა მშრომელების მდგომარეობა ბოროტად არ გამოიყენოს. დოვლათს ქვეყანაში მხოლოდ ბიზნესი არ ქმნის, არამედ ის ადამიანებიც, რომლებიც იქ მუშაობენ და წვლილი შეაქვთ როგორც ქვეყნის, ისე ამ ბიზნესის განვითარებაში,” – განახადა ბექა ნაცვლიშვილმა.

 


ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით   08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი