ახალი ამბები

ბესელია: პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს

11 მაისი, 2017 • 2105
ბესელია: პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში მარგველაშვილი ვერ გაიმარჯვებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლის საკითხზე არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. ამის შესახებ მან დღეს, 11 მაისს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეკა ბესელიას თქმით, როგორც პრეზიდენტი, ისე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევის წესის ცვლილება გიორგი მარგველაშვილის პერსონითაა ნაკარნახევი, რაც არასწორია:

“პრეზიდენტი ცდილობს, ვითარება მცდარად წარმოაჩინოს. ეს არის სრულიად გაუმართლებელი. ის ამბობს, რომ უფლებამოსილებები უმცირდება, ამბობს, რომ არაპირდაპირი არჩევნების წესის შემოღება მის პერსონას უკავშირდება. ეს სიმართლე არ არის. არც ერთ ჩვენგანს აქვს ილუზია, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების შემთხვევაში გამარჯვებას მოიპოვებდა. ეს არის სისტემური გადასვლა, საპარლამენტო მოდელზე გადასვლა”.

ეკა ბესელიას თქმით, “ქართული ოცნება” ვალდებულია, კონსტიტუცია შეცვალოს, რადგან ის არ შეესაბამება ხელისუფლების დანაწილების პრინციპს.

“საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირი წესით ჩატარების შემთხვევაში, “ქართული ოცნების”  კანდიდატი გაიმარჯვებს და ამასთან დაკავშირებით, არა მგონია, ვინმეს კითხვის ნიშნები უჩნდებოდეს. ჩვენ თავად ვამბობთ უარს იმ მართლაც რეალურად მისაღებ შედეგზე, რომელსაც პირდაპირი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში”ქართული ოცნება” მიაღწევდა. თუ გავითვალისწინებთ გაუთვალისწინებელ ხარჯებს არჩევნების დროს, საპრეზიდენტო  ინსტიტუტების შენახვის ხარჯებს, რომელიც ქვეყანას ძალიან ძვირი უჯდება, არის გაუმართლებელი და ეს თანხები  დაიზოგება,” – აღნიშნა ბესელიამ.


კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო-სახალხო განხილვა 5 მაისს დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა მხარეში 15 მაისამდე გაგრძელდება. კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 113 დეპუტატი.

დღეს მოქმედი კონსტიტუცია 109 მუხლისგან შედგება, ხოლო ინიცირებულ პროექტში, რომელიც პარლამენტთან შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა – 78 მუხლია. კონსტიტუციის პროექტში მუხლები გადაადგილებული და დაჯგუფებულია, ზოგ შემთხვევაში კი- გაერთიანებული.

კონსტიტუციის შემოთავაზებული პროექტი 2 000-ზე მეტი სიტყვით აღემატება დღეს მოქმედ კონსტიტუციას.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი ითვალისწინებს პარლამენტისა და პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებებს, სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ ცვლილებებს, ცვლილებებს ადამიანის უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. კონსტიტუციის პროექტში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შესახებ წაიკითხეთ აქ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი