ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში აბორტი შესაძლოა კვლავ დაუშვან

11 მაისი, 2017 • 3943
აფხაზეთში აბორტი შესაძლოა კვლავ დაუშვან

აფხაზი დეპუტატები აბორტის სრული აკრძალვიდან დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ მის დაშვებაზე ალაპარაკდნენ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი და ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ალხაზ ჯინჯოლია აცხადებს, რომ “ჯანდაცვის შესახებ” კანონში, აბორტის აკრძალვის ნაწილში ცვლილებები აუცილებელია.

“პირველ რიგში, ცვლილებები შეეხება აბორტის სამედიცინო ჩვენებით დაშვებას. აბორტის აკრძალვის ჩვენმა ხანმოკლე გამოცდილებამ, ასევე, სხვა ქვეყნების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ სამწუხაროდ, ამას დადებითი შედეგები არ მოაქვს. დემოგრაფიის პრობლემები ასე არ გვარდება. დემოგრაფია ასევე არის სიკვდილიანობა და მიგრაცია”.

ჯინჯოლია ამბობს, რომ აბორტების აკრძალვას აფხაზეთში შობადობა არ გაუზრდია, შესაბამისად, კანონში ცვლილებებს უახლოეს მომავალში პარლამენტის კომიტეტზე განიხილავენ.

2016 წლის დასაწყისში აფხაზეთში ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილება მიიღეს, რომლის მიხედვით, აბორტი აფხაზეთში სრულად აიკრძალა. პარლამენტარებმა მაშინ ეს გადაწყვეტილებას იმით ახსნეს, რომ აღნიშნული ცვლილება რესპუბლიკაში დემოგრაფიულ სიტუაციას გააუმჯობესებს.ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლეთა უმეტესობამ ახალი კანონი გააკრიტიკა. მაშინ ექიმებიც ამბობდნენ, რომ აბორტისადმი ასეთმა მიდგომამ დიდი პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ჯანმრთელობის, ასევე, სოციალური კუთხითაც.

აბორტის აკრძალვაზე მსჯელობა აფხაზეთში რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე გინეკოლოგებმა შეშფოთება გამოთქვეს. მათი განცხადებით, სამედიცინო ჩვენებების შემთხვევებში აბორტის აკრძალვა კრიმინალურ აბორტებს გამოიწვევს. აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ანზორ გოოვმა კი განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო აბორტის წინააღმდეგია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, რომლის დროსაც აბორტი გარდაუვალია. ამის მიუხედავად, ეს პოზიცია პარლამენტარებს არ გაუზიარებიათ.

აბორტის სრული აკრძალვის შემდეგ  ექიმები აფხაზეთში და თავად ის ქალები, ვისაც უშუალოდ შეეხო აბორტის გაკეთების საჭიროება, ყვებოდნენ ნეტგაზეთთან, რომ კანონმა აბორტის სრული აკრძალვის შესახებ სიტუაცია ყველა კუთხით კიდევ უფრო გაართულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი