ახალი ამბები

ფასანაურში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ დაარბია, 6 ადამიანი დააკავეს

10 მაისი, 2017 • 3154
ფასანაურში აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ დაარბია, 6 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ცნობით, ფასანაურში, ხანდოს ხეობაში აქციის 6 მონაწილე დააკავეს, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პოლიციამ ისინი დაარბია.

შსს-ს ცნობით, ექვსი პიროვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვითაა დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის დაუმორჩილებლობას.

აქცია დღეს ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანის წინააღმდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხაზები მათ საცხოვრებელ სახლთან ახლოს გადის და ისინი ალტერნატიული გეგმის მომზადებას ითხოვენ.

აქციის მონაწილე ზაზა წიკლაურმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ აქციის მონაწილეები  პოლიციამ მას შემდეგ დაარბია, რაც მცხეთა-მთიანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილემ გზა გადაუკეტა ბულდოზერს, რომელიც იმ ადგილიდან მიდიოდა.

“როცა დამთავრდა აქცია, ტექნიკა გაიყვანეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე გამოსულა და უთქვამს, რომ შევაჩერეთ მშენებლობაო. ხალხი რომ ტაშს უკრავს და გაჰყავთ ტექნიკა, ამ დროს პოლიციელი ჩაუხტა ბულდოზერს და აჩერებდა. მერე დაიწყეს ხალხის დარბევა. საბაბი უნდოდათ დარბევის და რომ არაფერი ჰქონდათ. მასობრივად დაიწყეს დაჭერები”, – ამბობს ზაზა წიკლაური.

ზაზა წიკლაური ამბობს, რომ ტრაქტორის მინა ვიღაცამ ჩაამტვრია, თუმცა, რაში სჭირდებოდა აქციის მონაწილეებს მისი ჩამტვრევა, რადგან ტექნიკა ისედაც გადიოდ,ა არ იცის.

“ხალხი ტაშს უკრავდა ტრაქტორს, მოქალაქეებს რატომ დასჭირდებოდა სროლა? თვითონ მოაწყვეს ეს, თუ ვინმეს სისულელით მოუვიდა, ეს არ ვიცით. რომც ვინმეს ჩაემტვრია შუშა, შეეძლოთ ჩვეულებრივად დაეკავებინათ, ან ჯარიმა დაეკისრებინათ. მაგრამ დაიწყეს ხალხის დარბევა და დაჭერები”, – ამბობს ზაზა წიკლაური

მასალების გადაბეჭდვის წესი