ფოტო: ფეისბუკის პირადი გვერდი

იონათამიშვილი: შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენი პრინციპული ამოცანაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, შრომის პირობების ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმის შექმნა ხელისუფლების პრინციპული ამოცანაა. ამის შესახებ მან “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, როცა საკითხი ადამიანის უფლებებს ეხება, ხელისუფლება მაქსიმალისტი უნდა იყოს და მთავარ გამოწვევებს უნდა გაუმკლავდეს:

“შრომითი უფლებები, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები და სხვა უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ის თამაშის წესები, რაც 2005 წელს შრომის ინსპექციის გაუქმების შემდეგ შემოიტანა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, იყო დანაშაულებრივი და მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს ითვალისწინებდა. ჩვენი კომიტეტის სამოქმედო გეგმითაც არის გათვალისწინებული რეფორმა, რომელიც შრომის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. ეს პრინციპული ამოცანაა და ჩვენ მას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე,” – ამბობს იონათამიშვილი, ადამიანის უფლებეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

______________________________________________________

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები  10 მაისს, დაახლოებით   08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

საქართველოს საერთო სასამართლოებში შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევის შესახებ (სსკ 240-ე მუხლი) 2015-17 წლებში 48 საქმე განიხილეს 56 პირის მიმართ, საიდანაც საპროცესო შეთანხმებით დასრულდა 35 სისხლის სამართლის საქმე 41 პირთან. თავისუფლების აღკვეთა კი მხოლოდ 4 პირს შეეფარდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.