აქტივისტების ვიდეოკამპანია კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერის წინააღმდეგ

ლგბტ ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობა” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ შეეწინააღმდეგონ საქართველოს კონსტიტუციაში ქორწინების, როგორც ქალისა და კაცის თანაცხოვრების შესახებ განმარტების შეტანას.

ამ მოთხოვნით ორგანიზაციამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც მიმართავენ გაეროს, ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაეხმარონ ინიცირებული ცვლილების შეჩერებაში.

“საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამო ლგბტ ადამიანები ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას. ტრანსგენდერ ადამიანებზე სისტემატურად ძალადობენ და სასტიკად ხოცავენ. მთავრობა უუნაროა, აღმოფხვრას პრობლემა. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის მსხვერპლები განიცდიან დისკრიმინაციას სამართალდამცავი ორგანოების მხრიდანაც. საქართველოში ფართოდ გავრცელებული ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ქმედების ნაცვლად, მთავრობამ გადაწყვიტა, კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება და ქორწინება განსაზღვროს, როგორც ქალისა და კაცის კავშირი. მთავრობის მტკიცებით, ეს ჩანაწერი ჰომოფობიასა და ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციას ბოლოს მოუღებს. ჩვენ გვჭირდება თქვენი თანადგომა, დაგვეხმარეთ ამ ნონსენსის შეჩერებაში”, – ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები.

კანონპროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 27-ე მუხლში გაჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და კაცის კავშირი. ცვლილების ინიციატორი “ქართული ოცნებაა”.

ინიციატივით, რომ ოჯახი განსაზღვრულიყო, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა, 2014 წელს პრემიერი ღარიბაშვილი გამოვიდა. 2016 წელს საინიციატივო ჯგუფმა 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის მქონე მოთხოვნით მიმართა პრეზიდენტს, გამართულიყო რეფერენდუმი შეკითხვით: თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

პრეზიდენტმა ამ რეფერენდუმის დანიშვნაზე უარი განაცხადა. პრეზიდენტის უარს არ დაეთანხმა საქართველოს მთავრობა და პრემიერმა განაცხადა, რომ ამ ცვლილებას კონსტიტუციაში ახალი პარლამენტი შეიტანდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com