ახალი ამბები

უსუფაშვილის 3 მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

10 მაისი, 2017 • 2279
უსუფაშვილის 3 მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე დაინტერესებულ მხარეებს საკუთარ  მოსაზრებებს სთავაზობს. დავით უსუფაშვილის რეკომენდაციები სამ საკითხს ეხება.

1) საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული კონსტიტუციის ახალი ტექსტი პარლამენტში კენჭისყრაზე მანამდე არ დადგეს, სანამ საშემოდგომო სესიაზე იურიდიულ კომიტეტში მისი სერიოზული დამუშავება არ მოხდება.

2) საპარლამენტო არჩევნების საკითხში დავუბრუნდეთ “ქართული ოცნების მიერ 2015 წელს ინიცირებულ პროპორციულ და სამართლიან სისტემას, რომელმაც ყველა ეტაპი გაიარა და კონკურისთვის მზად არის და რომელიც არ ითვალისწინებს არანაირ ბონუსებს და სხვა ექსკლუზიურ უფლებებს ვინმესთვის.

3) საპრეზიდენტო არჩევნების პირდაპირ თუ არაპირდაპირი წესით გამართვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა და უფლება გადაეცეს 2020 წელს არჩეულ პარლამენტს.

“იმედს ვიტოვებ, რომ პროექტში ამ ეტაპზე მაინც აქტიურად და პირადად ჩაერთვება საპარლამენტო მმართველობის მოდელში ქვეყნის უმთავრესი პოლიტიკური ფიგურა პრემიერ-მინისტრი, რომელიც არის არა მარტო საკუთარი გუნდის ლიდერი და მას პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ აწმყოზე, არამედ ქვეყნის მომავალზეც. აუცილებელია მისი ჩართვა და მისი პოზიციების გაგება, რაც ძალიან გვაკლია ამ პროცესში” – თქვა უსუფაშვილმა.

უსუფაშვილის თქმით, თუ მომდევნო მოწვევის პარლამენტს ექნება პრეზიდენტის არჩევის წესზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ საკითხის შესახებ პოლიტიკური პარტიები მოსახლეობას საკუთარ პოზიციებს გააცნობენ და თავიანთ მოსაზრებებს ხალხთან შეაჯერებენ, რაც პროცესს უფრო ლეგიტიმურს გახდის:

“შეგახსენებთ, რომ ჩვენ თავად ხელისუფლების მხრიდან გვაქვს შემოთავაზება, რომ 2023 წლამდე გვყავდეს მოსახლეობის მიერ პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი. მეორე მხრივ, თავად ხელისუფლება გვთავაზობს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელებისთვის არსებობდეს ორი მოდელი. ერთ შემთხვევაში, როდესაც ერთ პარლამენტს შეუძლია ცვლილებების შეტანა. და არის შემთხვევები, როდესაც ორი პარლამენტის თანხმობაა აუცილებელი საკითხების გადასაწყვეტად. ამ ორი კონცეფციის ერთად გააზრების შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია შევჯერდეთ იმაზე, რომ როგორ განხორციელდეს პრეზიდენტის არჩევნები 2023-ში და შემდგომ, ამის თაობაზე ამ პარლამენტმა შეიძლება მიიღოს თავისი გადაწყვეტილება, მაგრამ იმ მოდელის ამუშავებით, 2020 წლის პარლამენტს მიეცეს საბოლოო სიტყვა ამ საკითხში.

რატომ? იმიტომ, რომ ამ თემაზე საარჩევნო კამპანიის პროცესში, იმ საპარლამენტო არჩევნების პროცესში, როდესაც კონკრეტულად ეს საკითხიც ექნება იმ პარლამენტს გადასაწყვეტი, საარჩევნო კამპანიის დროს მოსახლეობასთან შეჯერდეს ის პოზიციები, რაც აქვთ პოლიტიკურ პარტიებს. და მართლაც ხალხის აზრის გათვალისწინებით და ლეგიტიმურად გადავდგამთ ნაბიჯს. შესაცვლელია თუ არაა შესაცვლელი, ესეც იქნება დაფუძნებული პოლიტიკურ პროცესზე, ხალხის მონაწილეობაზე, საარჩევნო კამპანიის დროს გამოხატულ პოზიციებზე და, შესაბამისად, ყველა ვალდებული და იძულებული ვიქნებით, დავემორჩილოთ ამ ყველაზე ობიექტურ და მაღალი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილებას” – ამბობს დავით უსუფაშვილი.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, ფაქტობრივად, კონსტიტუციის ახალ ტექსტს წარმოადგენს. შესაბამისად, საჭიროა ყველა საკითხის ღრმად გაანალიზება და დამუშავება.  უსუფაშვილს მიაჩნია, რომ დოკუმენტის საპარლამენტო განხილვა იურიდიულ კომიტეტში საფუძვლიანი დამუშავების გარეშე არ უნდა დაიწყოს.

ამასთანავე, დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო მოდელის პრინციპების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მოდელი რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება, რომელთა ცალ-ცალკე განხილვა არასწორია:

“მე ძალიან ხშირად ვიმეორებ, საპარლამენტო მმართველობის პროექტი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. ცალკე მსჯელობა რომელიმე კომპონენტზე არის არასწორი. პრეზიდენტი ასე ავირჩიოთ თუ ისე, საარჩევნო სისტემა ასეთი იყოს თუ ისეთი, ეს არასწორი მიდგომაა. საპარლამენტო მოდელი ესაა მოდელი, რომელშიც პრეზიდენტი არის ძალიან აქტიური ფიგურა გრძელვადიან ზოგადსახელმწიფოებრივ საკითხებში. მაგრამ ის არის შედარებით პასიური ფიგურა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებში, დებატებში და ა.შ. პრემიერ-მინისტრი არის ძალიან აქტიური ფიგურა როგორც გრძელვადიან საკითხებში, ისე მიმდინარე თემებში.

მიმდინარე თემებში პრემიერ-მინისტრი არის ყველაზე აქტიური და ყველაზე მიკერძოებული, ვინაიდან მას აქვს განსახორციელებელი ის პროგრამა, რომელსაც არჩევნებზე ხალხმა დაუჭირა მხარი და ამ პროგრამის განხორციელებაში ის არის ყველაზე უფრო მიკერძოებული პოლიტიკოსი ქვეყანაში. ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე, ეს არის ფიგურა, რომელიც მოწოდებულია შეთანხმებისკენ, კონსენსუსისკენ, პარლამენტში ჯანმრთელი დებატებისკენ იმისთვის, რომ საპარლამენტო მოდელში ხელისუფლების დაბალანსების ძირითადმა სისტემამ, უმრავლესობამ და ოპოზიციამ სრულფასოვნად შეძლონ კამათიც, დებატებიც, შეთანხმებაც. და არა მხოლოდ პარლამენტში, პარლამენტს გარეთაც” – თქვა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, დღევანდელ რეალობაში ეს პრინციპები ამობრუნებულია და კონსტიტუციური ცვლილებისას პროცესში ჩართული პირები არა მხოლოდ მის ტექსტს, არამედ დღევანდელ რეალობასაც უნდა დააკვირდნენ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის გზა უფრო ხისტი, ნაკლებად დაბალანსებული და არასტაბილური მოდელისკენ, რომელიც პოლიტიკურ სისტემას არ შეუწყობს ხელს, რომ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს.

დავით უსუფაშვილის თქმით, საკონსტიტუციო პროექტმა უნდა გააერთიანოს ქვეყანა, ნაცვლად იმისა, რომ დაყოს. მან მრავალი ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება უნდა უზრუნველყოს:

“თუ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი იმ ფორმით წარიმართა, როგორც დღეს მიმდინარეობს, ვშიშობ, რომ ჩვენ მივიღებთ მორიგი ხელისუფლების მორიგ ახალ კონსტიტუციას და არა ქვეყნის მომავლის კონსტიტუციას. ეს იქნება ქვეყნის სამართლებრივ-პოლიტიკური ფუნდამენტის შესუსტება და გარანტირებულად გვექნება ის, რომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლება თავს ვალდებულად ჩათვლის, კვლავ ნაჯახით მიადგეს კონსტიტუციას. ეს ყველაფერი ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ და ამისთვის ყველამ – ავტორებმაც, ოპონენტებმაც, პოლიტიკურმა ძალემბმაც, პროფესიონალებმაც, მოქალაქეებმაც, ვინ აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში, უნდა გამოვნახოთ დამატებითი ძალები საკუთარ თავში, საკუთარ გუნდებში და გადავდგათ ნაბიჯები ამ მიმართულებით კომპრომისის მისაღწევად” – თქვა დავით უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი