უმრავლესობის დეპუტატი: ომბუდსმენმა არაკორექტული განცხადება გააკეთა, როცა მკვლელები უწოდა ყველას

“ქართული ოცნების” დეპუტატი ანრი ოხანაშვილი სახალხო დამცველის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ გუშინდელ განცხადებას არაპროფესიონალურს და არაკორექტულს უწოდებს. დეპუტატის უკმაყოფილება უჩა ნანუაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულმა განცხადებამ გამოიწვია, რომელშიც სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ყველა, ვინც ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნას ეწინააღმდეგება მთავრობაში, პარლამენტში, საკონსტიტუციო კომისიაში თუ სხვაგან, თავად არიან მკვლელები.

დეპუტატის თქმით, სახალხო დამცველს შეეძლო, საკუთარი შეშფოთება გამოეხატა, თუმცა, უფრო კორექტული ფორმით:

“მინდა ასევე გამოვეხმაურო სახალხო დამცველის სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გუშინდელ მოვლენასთან დაკავშირებით. ჩვენი სახალხო დამცველი უწოდებს მკვლელებს იმ ადამიანებს, არ ვიცი პარლამენტის წევრებს, მთავრობას, ყველას. მე ვფიქრობ, ეს არის არაკორექტული სახალხო დამცველის პოზიციიდან გაკეთებული განცხადება. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველს აქვს უფლება, დააფიქსიროს პოზიცია, რომ იგი შეშფოთებულია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ სახალხო დამცველი, რომელმაც უნდა დაიცვას საზოგადოების, თითოული ჩვენგანის, საქართველოში მყოფი ყველა ადამიანის უფლება – მკვლელს არ უნდა უწოდებდეს ვინმეს. ეს არის ძალიან მკაცრი, არაპროფესიონალური, არაკორექტული შეფასება და, შესაბამისად, ჩემთვის ძალიან ცუდია სახალხო დამცველის მიერ ასეთი პოზიციის დაფიქსირება” – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მუშაობა არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო, ამ საკითხს კი ღრმა შესწავლა სჭირდება. თუმცა, მისი თქმით, პარლამენტმა ამ საკითხის შესახებ აქტიურად უნდა იმსჯელოს და კანონმდებლობაში არსებული ყველა ხარვეზი აღმოფხვრას:

“გუშინდელმა მოვლენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ საკითხზე ჩვენ აქტიურად უნდა ვიმსჯელოთ და ყველა ის ხარვეზი, რომელიც კანონმდებლობაში ჩვენ გვიფიქსირდება, ნამდვილად უნდა აღმოვფხვრათ და დროის უმოკლეს ვადაში გადავჭრათ ეს საკითხები. საზოგადოებას მოეხსენება, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტმა არც ისე დიდი ხანია საკუთარი მუშაობა დაიწყო. აქედან გამომდინარე, ამ საკითხს სჭირდება ძალიან ღრმა შესწავლა და მთელი რიგი საკითხების გაანალიზების შედეგად სწორედ ისე შემუშავდება შრომის ინსპექციის თუ რაიმე სხვა მსგავსი საკითხი” – თქვა დეპუტატმა.

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით  08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.