ახალი ამბები

ფასანაურში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მოსახლეობამ აქციით შეაჩერა

10 მაისი, 2017 • 2880
ფასანაურში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა მოსახლეობამ აქციით შეაჩერა

დღეს, 10 მაისს, ფასანაურში, ხანდოს ხეობაში ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სამშენებლო სამუშაოები შეაჩერეს.

აქციის მონაწილე ზაზა წიკლაურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დიდი ხანია, რაც სამუშაოები დაწყებულია, თუმცა მოსახლეობამ დღეს შეაჩერა. წიკლაურის თქმით, მოსახლეობის ეზოებში ქვა და ღორღი ცვივა.

“დაწყებულია სამუშაოები, ფერდობები დანგრეულია, ღორღი, ქვები პირდაპირ ეზოებში უცვივდება ხალხს. რამდენიმე ხანია მიმდინარეობს აქციები და დღეს დილიდან გაიმართა აქ. აქაა მოსახლეობა. კაციშვილი ხელისუფლებიდან ან სამშენებლო კომპანიებიდან არ ჩანს, მხოლოდ პოლიცია გამოგვიგვზავნეს და მხოლოდ პოლიციის ძალით გველაპარაკებიან”, – ამბობს წიკლაური.

წიკლაურის თქმით, მოსახლეობა ითხოვს, რომ ან მშენებლობა შეჩერდეს,  ან ალტერნატიული გზით გაიყვანონ ელექტროგადამცემი ხაზები.

“ფაქტიურად, უნდა აიყაროს მთიულეთი, გუდმაყარი და ხევი, ეს ხაზები რომ გაატარონ”, – ამბობს წიკლაური.

აქცია ელექტროგადამცემი ხაზების მშნებლობის წინააღმდეგ აქამდეც გამართულა. მსგავსი აქცია გაიმართა სოფელ ცდოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.

“დარიალი-სტეფანწმინდის” ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი