ახალი ამბები

მეშახტეების მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 აქტივისტის სასამართლო გადაიდო

10 მაისი, 2017 • 1865
მეშახტეების მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული 3 აქტივისტის სასამართლო გადაიდო

წუხელ მეშახტეების მხარდასაჭერად  გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 ადამიანის სასამართლო პროცესი გადაიდო. დაკავებულები დღეს გათავისუფლდნენ.

ილია ლეჟავას, რამაზ მამიაშვილს და გრიგოლ ბრეგვაძეს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართლადარღვევათა კოდექსის ორი მუხლის, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩლებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავება.

როგორც ნეტგაზეთს დაკავებულების დავოკატმა, ანი ნასრაშვილმა (EMC) განუცხადა, საქმის განხილვა სასამართლოში 19 მაისამდე გადაიდო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დაკავებულების უფლებების დამცველებს პოლიციის მიერ წარმოდგენილი მასალების გაცნობის საშუალება  მანამდე არ ჰქონდათ.

თბილისში მეშახტეების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა გუშინ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღევანდელი აქციით არ შემოიფარგლებიან, თუმცა კონკრეტული გეგმების შესახებ  არ უსაუბრიათ.

აქცია, რომელიც ტყიბულში, მინდელის შახტში 4 მუშის ჩავარდნას და მათ დაღუპვას მოჰყვა, პარლამენტის შენობიდან დაიწყო. პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაზე პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. პოლიციამ აქციის მონაწილენი მას შემდეგ დააკავა, რაც მათ რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტურ შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან

მასალების გადაბეჭდვის წესი