ახალი ამბები

შრომის ინსპექტორებმა ტყიბულის შახტში ტრაგედიის ადგილი დაათვალიერეს

10 მაისი, 2017 • 2118
შრომის ინსპექტორებმა ტყიბულის შახტში ტრაგედიის ადგილი დაათვალიერეს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია აცხადებს, რომ ინსპექტორებმა უკვე დაათვალიერეს ტყიბულში მომხდარი შემთხვევის ადგილი, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს 4 ადამიანი დაიღუპა.

“ტრაგედიაა, რაც მოხდა მთელი ქვეყნისთვის. ინსპექტორები არიან ადგილზე, რომლებიც კომპლექსურად სწავლობენ შემთხვევის ადგილს. პირველად მოხდა დათვალიერება. ამ დათვალიერების შედეგად ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, ვინაიდან ჩვენთან ერთად ჩართული არიან საგამოძიებო ორგანოები. კომპლექსურად, ერთობლივად მოხდა შემოწმება, დათვალიერება და შემდეგ უკვე დაიდება შესაბამისი დასკვნა, რამდენად იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით დაცული ნორმები”, – განაცხადა ჯგერენაიამ.

ტყიბულში, კომპანიასაქნახშირისელიზბარ მინდელის სახელობის შახტში 9 მაისს, ბადიას (ნახშირის ამომღები მოწყობილობის) ბაგირის შეცვლის გეგმური სარემონტო სამუშოების დროს, ბადია მოწყდა 350 მეტრის სიმაღლიდან და მასზე მყოფი ოთხი მეშახტე თან ჩაიყოლა.  გარდაცვლილი მეშახტეების (ალეკო ჭელიშვილი, ვიქტორ დაღუნდარიძე, გიზო გუბელიძე, გიზო კუბლაშვილი) სამძებრო სამუშაოები 10 მაისს, დაახლოებით 08.30 საათზე დასრულდა.

შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

EMC-ის მონაცემებით, 2011-16 წლებში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა სამუშაოს შესრულების ადგილას, 776 კი დაშავდა.  მხოლოდ 2016 წელს წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 58 და დაშავდა 85 დასაქმებული. უკვე წლებია, ადამიანები ეფექტური შრომით ინსპექციის მოთხოვნით გამოდიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი