ახალი ამბები

შსს-ს თქმით, ლუჟკოვის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გასულია და გამოძიება ვერ დაიწყება

9 მაისი, 2017 • 3161
შსს-ს თქმით, ლუჟკოვის საქმეზე ხანდაზმულობის ვადა გასულია და გამოძიება ვერ დაიწყება

შსს-ს განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ხანდაზმულობის ვადა 6-წელია, შესაბამისად, იური ლუჟკოვის წინააღმდეგ სამართლებრივ ნაბიჯებს ვერ გადადგამს.

მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით შსს-ს მიერ გავრცელებულ განმარტებას უცვლელად გთავაზობთ:

“იური ლუჟკოვი ქვეყანაში ტურისტულ ჯგუფთან ერთად მიკროავტობუსით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, სომხეთის მხრიდან შემოვიდა. საზღვრის კვეთის მომენტისთვის მის პასპორტში არ აღინიშნებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ყოფნის მონაცემი. ასევე, შესაბამის ბაზაში, რომელიც ოკუპრებული ტერიტორიების შესახებ საქართველოსკანონის ამოქმედების შემდეგ იწარმოება, მის შესახებ ინფორმაცია დაფიქსირებული არ ყოფილა. შესაბამისად, მესაზღვრე პატრულ-ინსპექტორმა იგი დაუბრკოლებლად გამოატარა საზღვარზე.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იური ლუჟკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით ყოფნის დამადასტურებელი, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია საქართველის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი ბოლოჯერ ყოფნის თარიღად 2010 წელს მიუთითებს. ამასთან, ცნობის გავრცელების მომენტისთვის, 2010 წელს, იური ლუჟკოვის მიერ კანონის დარღვევის გამო გამოძიება არ დაწყებულა.

საქართველოს სსკ-ის 71-ე მუხლის თანახმად, სსკ-ის 322-ე პრიმა მუხლით (ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევით ყოფნა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხანდაზმულობის ვადად დადგენილია 6-წლიანი პერიოდი. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის გამო შსს დღეს მოკლებული იყო სამართლებრივ შესაძლებლობას, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი