ახალი ამბები

გახარია: დაისჯება ყველა, ვისი წვლილიც დადასტურდება ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაში

9 მაისი, 2017 • 2516
გახარია: დაისჯება ყველა, ვისი წვლილიც დადასტურდება ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაში

“პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიება, მეორე რიგში, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტყიბულში, მინდელის შახტში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„პირველ რიგში, თანაგრძნობა უნდა გამოვუცხადოთ ყველა მეშახტეს, ყველა ტყიბულელს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და გაკეთდება, ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, ნათელი გამოძიება, იმ ფაქტების დადგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. მეორე რიგში, დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვისი წვლილიც დადასტურდება. და ახლა, რაც მთავარია, უნდა მივხედოთ იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაც აქ არის და უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება შემდგომ. 

სამწუხაროდ, რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, არის ტექნიკური, უფრო ტექნოლოგიური კატასტროფა. დიდი ტრაგედიაა და კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანაგრძნობას თითოეულ ტყიბულელს. 

ამ დროის მდგომარეობით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს ტრაგიკული მოვლენა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე გამოძიება და დადასტურების შემთხვევაში, ყველა იქნება დასჯილი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი