მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ტყიბულში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე, სამართალდამცველები.

“ტყიბულში სამთო მაშველთა დამატებითი ჯგუფი თბილისიდანაც გაემგზავრა. შემთხვევის გამომწვევი მიზეზების შესწავლის პროცესში ყველა შესაბამისი უწყება ჩაერთო. მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე – ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შრომის ინსპექტორების ჯგუფი. ტყიბულში, შემთხვევის ადგილზე პირველივე წუთებიდან იმყოფებიან რეგიონის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ყველა შესაბამისი უწყება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინირებულად მუშაობს, რათა მაქსიმალურად მოკლე ვადებში და ეფექტურად განხორციელდეს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, დადგინდეს მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი და გაკეთდეს ყველაფერი, რათა მსგავსი შემთხვევები თავიდან იყოს აცილებული,” – აღნიშნულია განცხადებაში.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის, ილია ლეჟავას განცხადებით, დაღუპულია ოთხივე მუშა, რომლებიც დღეს ტყიბულის მაღაროს სატვირთო ლიფტის შახტში ჩავარდნენ.

ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.