ახალი ამბები

“გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა სადავო ქონების მიმართ გამოძიების დასრულებამდე”

6 თებერვალი, 2013 • 897
“გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა სადავო ქონების მიმართ გამოძიების დასრულებამდე”

აღნიშნულ წერილს “ნეტგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

 

“ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლთა ნაწილმა გამოიარა უკანონო პატიმრობა, პოლიტიკური ნიშნით დევნა, რომელსაც ხშირად თან ახლდა ქონების ჩამორთმევა. ხშირად რეპრესია გულისხმობდა მხოლოდ ქონების უკანონოდ წართმევას. 

 

სამწუხაროდ, დღემდე არ ხერხდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება  და საზოგადოება ვერ ხედავს გადადგმულ ქმედით ნაბიჯებს ამ მიმართულებით. დაწყებული გამოძიება არ არის დასრულებული და არ არის აღდგენილი რეპრესირებულთა დარღვეული ქონებრივი უფლებები მათთვის წართმეული ქონების ნატურით დაბრუნების ან სანაცვლო ადეკვატური კომპენსაციის გადახდის გზით.

 

ქონებრივუფლებადარღვეულ პირთა მცდელობა მიაწვდინონ ხმა შესაბამის ორგანოთა პირველ პირებს, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ვფიქრობთ, ხელისუფლების ქვედა რგოლებში ჯერ კიდევ დარჩენილი ძველი საჯარო მოხელეები აგრძელებენ თავიანთ უკანონო საქმიანობას და ყველა ზომას იღებენ იმისათვის, რომ წაშალონ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალი. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა დაზარალებულთა საჩივარი და ხმა არ მივიდეს პირველ პირთა ყურამდე და არ გამჟღავნდეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული. 

 

შექმნილ ვითარებაში, ბუნებრივია, იზრდება ქონებრივუფლებადარღვეულ პირთა უკმაყოფილება, მათი იმედი და მოლოდინი, რომ ახალარჩეული ხელისუფლება აღადგენს დარღვეულ ქონებრივ უფლებებს, დაუბრუნებს წართმეულ ქონებას და დაამკვიდრებს სამართლიანობას. 

 

რეპრესირებულ პირთა სასამართლოსადმი მიმართვა, დაყადაღდეს მათთვის წართმეული ქონება, რათა გამოძიების დასრულებამდე არ მოხდეს ამ ქონების გასხვისება, გადამალვა ან გაფლანგვა, უშედეგოდ მთავრდება – სასამართლოები ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ და ამით ხელს უწყობენ არსებული უკმაყოფილების კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენთვის ცნობილია, რომ რამდენიმე ასეთი მიმართვა სასამართლომ უარყო, მათ შორის, ბანკ „ქართუსთან” დაკავშირებულ შემთხვევებშიც კი. 

 

ბატონებო, გთავაზობთ ერთგვარ გამოსავალს.

 

მოგმართავთ თხოვნით, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში:

 

  • გამოცხადდეს მორატორიუმი ყველა სადავო და პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გასხვისებული ქონების მიმართ გამოძიების დასრულებამდე, რადგან დაწყებულია უკანონოდ მოპოვებული ქონების გასხვისების პროცესი, ვინაიდან გამოძიებამ დაკითხა უკანონო ქონების შემძენი რამდენიმე პირი და მათთვის ცხადია, როგორ შეიძლება პროცესები განვითარდეს.

  • გასათვალისწინებელია კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესებიც, რომელიც შესაძლოა უნებლიეთ უკანონო ქონების შემძენი გახდეს.

  • მეტი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას, რათა დაცული იქნან პოტენციური შემძენები, რომ მათ თავი შეიკავონ უკანონო ქონების შეძენისაგან. 

  • გამოცხადდეს ელექტრონული მისამართი, სოციალური ქსელის მეშვეობით დაკავშირების საშუალება, ცხელი ხაზი და სხვა, სადაც უფლებადარღვეული მოქალაქეები მოგმართავენ დარღვეული უფლების შესახებ და მათი საქმე არ დაიბლოკება ქვედა რგოლებში. 

 

  • საზოგადოებას და დაზარალებულ მოქალაქეებს მიაწოდოთ სრული ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.  

 

აღნიშნული ღონისძიების გატარება შექმნის სახელმწიფოსათვის მეტ შესაძლებლობას უკანონოდ ჩამორთმეული ქონების სრულად დაბრუნებისათვის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი