ახალი ამბები

საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს

6 თებერვალი, 2013 • 973
საქართველო ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს

14 თებერვალს დაგეგმილია საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური საკითხების, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კომიტეტის სხდომა. ევროპარლამენტარები და აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების პარლამენტის წევრები განიხილავენ მათი ურთიერთობების მიმდინარეობას, თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებსა და სამოქმედო გეგმებს.

 

მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იქნება მოხსენება – „რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევები აღმოსავლეთევროპელ პარტნიორ ქვეყნებში’’, რომელიც შემდგომ პლენარულ სხდომას გადაეცემა საბოლოო ცვლილებებისა და დამტკიცებისათვის.

 

კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელებენ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე და შვედი ევროპარლამენტარი გუნარ ჰოკმარკი. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. ევროპარლამენტის დელეგაცია შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ- მინისტრს. 

 

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ინაუგურაცია მოხდა 2011 წლის 3 მაისს ბრიუსელში. ასამბლეა შედგება 120 დეპუტატისაგან: 60 წევრია ევროპარლამენტიდან და 10 დეპუტატი 6 ქვეყნის პარლამენტებიდან: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, უკრაინა. (ბელორუსის საკითხი ჯერჯერობით ღიაა – ქვეყანაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესებმა, განსაკუთრებით 2010 წლის არჩევნების შემდგომმა მოვლენებმა და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებულმა შეფასებებმა ასამბლეაში ბელორუსის მონაწილეობა შეაფერხეს.)

 

ეს ინსტიტუტი არის ფორუმი საპარლამენტო დიალოგისათვის ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპელ პარტნიორებს  შორის საერთო ინტერესების სფეროებში, როგორიცაა: მშვიდობა, სტაბილურობა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია, ვაჭრობა, ენერგეტიკა, ხალხთა შორის კავშირები და მრავალი სხვა. ევრონესტი წელიწადში ერთ პლენარულ სხდომას ატარებს. ხოლო მისი 4 კომიტეტი ორ-ორ სხდომას. რეგულარულად იმართება ასამბლეის ბიუროს სხდომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი