ახალი ამბები

ცესკო: უსკოს წევრებზე ზეწოლაში მურმან დუმბაძე მონაწილეობდა

6 თებერვალი, 2013 • 891
ცესკო: უსკოს წევრებზე ზეწოლაში მურმან დუმბაძე მონაწილეობდა

ცესკო-ს ცნობით, უმაღლესმა საბჭომ, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სამოქალაქო სექტორის მოწოდების მიუხედავად, მიიღო ეს კანონი:

 

“ასევე, ჩვენთვის ცნობლი გახდა, რომ კანონის მიღებამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ზოგიერთმა პოლიტიკურმა თანამდებობის პირმა განახორციელა ზეწოლა და შანტაჟი უსკო-ს წევრებზე, რათა მათ საკუთარი განცხადების საფუძველზე დაეტოვებინათ თანამდებობები. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ამ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან დუმბაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის წერილში.

 

ზურაბ ხარატიშვილის შეფასებით, ასეთი პროცესი ატარებს პოლიტიკურ ხასიათს, არ ემსახურება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას და მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავლენის მოპოვებას:

 

“მით უმეტეს, როდესაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის, ისევე როგორც მთლიანად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე მხარეების მიერ დადებითად არის შეფასებული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მორიგი არჩევნები 2016 წლამდე არ იმართება.

 

ზემოთ თქმულთან დაკავშირებით ვიმედოვნებთ, რომ მოახდენთ აღნიშნული საკითხის შეფასებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებთ მაქსიმალურ ძალისხმევას, რათა არ განმეორდეს დემოკრატიული განვითარებისათვის ზიანის მომტანი ამგვარი პრეცედენტი”, – ნათქვამია ცესკოს თავმჯდომარის წერილში.


შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკოს)  წევრებს უფლებამოსილება ნაადრევად შეუწყდათ. უსკოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლებამოსილება გააჩნიათ იმ სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამკვირვებლებად  რეგისტრირებულნი იყვნენ  ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში. უსკოს უფლებამოსილების ვადა 6 წლით განისაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი