Screen Shot 2017-05-09 at 2.21.59 PM

საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილი ყველაზე ახალგაზრდა ქართველი ქალის ტრაგიკული ისტორია

1937-1938 წლებში, შსს-ს არქივის ინფორმაციით, საქართველოში დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვმა ათეულობით ათასებს მიაღწია. ე.წ. სამეულმა 1937-1938 წლებში 163 ქალს მიუსაჯა დახვრეტა. მათგან ასაკით ყველაზე პატარა 19 წლის ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი იყო.

— ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი — 

ვერა ვარაზაშვილი 1918 წელს ქალაქ ბორჯომში დაიბადა. ბრალად კონტრრევოლუციური საქმიანობა და ნაციონალურ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრობა დასდეს. ვერა ვარაზაშვილს 1937 წელს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯა.

ივანე ვარაზაშვილი © პარლამენტის ეროვნული არქივი

ივანე ვარაზაშვილი © პარლამენტის ეროვნული არქივი

ვერა ვარაზაშვილი ცნობილი ქართველი ემიგრანტისა და ინჟინრის, ივანე ვარაზაშვილის შვილი იყო, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი სდევნიდა. ვერა ვარაზაშვილის ძმისშვილი ლია ვარაზაშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი კარგად შეისწავალა და ფიქრობს, რომ მამიდამისი სწორედ იმის გამო მოკლეს, რომ მის მამას, ივანე ვარაზაშვილს ერჩოდნენ.

იმისათვის, რომ ვერა ვარაზაშვილის ტრაგედია ბოლომდე აღვიქვათ, ჯერ მისი მამის, ივანეს ამბავი უნდა გავიგოთ.

საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ივანე ვარაზაშვილი დაიბადა 1879 წელს თბილისში. მისი მამა ხაბაზთა უსტაბაში იყო. ოჯახს თბილისში საკუთარი პურსაცხობი თონეები ჰქონდა და შეძლებულად ცხოვრობდა.

ივანე ვარაზაშვილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ კი, პეტერბურგის საგზაო–სარკინიგზო ინსტიტუტი და რკინიგზის მშენებელი ინჟინრის დიპლომით დაუბრუნდა ოჯახს. ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა მონაწილეობდა ბაკურიანის რკინიგზის მშენებლობაში, ააშენა წალკის ხიდი. I მსოფლიო ომის დროს მიიღო ინჟინერ–პოლკოვნიკის ხარისხი და ხელმძღვანელობდა ჯულფა–ბაქოს და ერზრუმ–სარიყამიშის სარკინიგზო–საგზაო მშენებლობებს.

ივანე ვარაზაშვილი ჭიათურაში მარგანეცის მოპოვებით დაინტერესდა.  1918 წელს დაარსდა „ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება“, რომელსაც ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთსა და ამერიკაში. პირველ თავმჯდომარედ მიიწვიეს ნიკო ნიკოლაძე.

1922 წელს ივანე თავის ძმასთან ერთად, სააქციო საზოგადოების დავალებით, გერმანიაში გაემგზავრა. იქ ძმებთან ერთად “რუსთაველის საზოგადოებას” ჩაუყარა საფუძველი, რომელიც ევროპაში მყოფ ქართველს სტუდენტებს ეხმარებოდა. ვანო სარაჯიშვილი და კონსტანტინე გამსახურდია სწორედ მათი სააქციო საზოგადოების სტიპენდიით სწავლობდნენ გერმანიაში.

1928 წელს, სპარსეთის შაჰის, რეზა–ხან ფეჰლევის მიწვევითა და სსრკ მთავრობის ნებართვით, ივანე ვარაზაშვილი ირანს გაემგზავრა და სათავეში ჩაუდგა ირანიდან ინდოეთის საზღვრამდე რკინიგზის გაყვანას.

1930–იან წლებში, საზღვრების ჩაკეტვისა და საბჭოთა კავშირში აგორებული რეპრესიების გამო, ივანე ვარაზაშვილი თეირანში დარჩა. ეს ძვირად დაუჯდა მის ოჯახს.

“როდესაც ქვეყანა აირდაირია, ბაბუა ყველაზე მდიდარი ემიგრანტი იყო”, – ამბობს ლია ვარაზაშვილი, ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილის ძმისშვილი.

“ის იქიდან უზგავნიდა თანხას ცოლშვილს. ჩამოდი, უნდა დაგხვრიტოთო, ეუბნებოდნენ. როგორ ჩამოვიდოდა? ამათი [საბჭოთა რეჟიმი] სისასტიკის საზღვრები ვერ გათვალა ადამიანმა, თორემ რაც მის ცოლ-შვილს დაემართა, ეს რომ წარმოედგინა, ალბათ, თვითონ ჩამოვიდოდა.

ვერა ვარაზაშვილი © შსს-ს არქივი

ვერა ვარაზაშვილი © შსს-ს არქივი

ბაბუა იქიდან აგზავნიდა თანხას და ფიქრობდა, გოგოს ვერაფერს დაუშავებენო. 3 ბიჭი ჰყავდა და ერთი გოგო. გოგოს სახელზე იყო ეს თანხა გაფორმებული. ანუ მამისგან იღებდა თანხას იმისთვის, რომ აქ ეარსებათ. ეს ჩაუთვალეს ჯაშუშობად. ბებიისგან გადმოცემით ვიცი, რომ თავს დაგვესხნენო, მამიდა თმებით გამოათრიესო, 19 წლის გოგოს ქუჩაში მიათრევდნენო… უკან მისდევდა ბებიაჩემი [ფეფიკოს დედა] და ეხვეწებოდა, ოღონდაც ეს დამიტოვეთ და 3 ბიჭიდან რომელიმე წაიყვანეთო…  ამას ვინ შეისმენდა?! წაიყვანეს მამიდა”, – ამბობს ლია ვარაზაშვილი.

“გადმოცემით ვიცი, რომ მამიდას შეყვარებულიც ჰყოლია და ის ბიჭიც გააქრეს, მისი ასავალ-დასავალიც არ ვიცით”.

ლია ვარაზაშვილის ინფორმაციით, ფეფიკო ვარაზაშვილი ციხეში წამებით მოკლეს, თუმცა არქივში მოიძებნა ბრძანება ახალგაზრდა ვერა ვარაზაშვილის დახვრეტის შესახებ.

წარმომიდგენია, 19 წლის ბავშვს როგორ შეეშინდებოდა, როცა დასახვრეტად გაიყვანდნენ, ულამეზესი გოგო იყო, ეთამაშებოდა”.

1951 წელს შუა აზიაში გაასახლეს ფეფიკოს დედა და ივანეს ცოლი, ელისაბედ მიროტაძე, და სამი ვაჟი ოჯახებით. 1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ.

ივანემ სცადა ცოლ–შვილთან დაკავშირება, 1954 წელს საახალწლო მისალოცი გამოუგზავნა, მაგრამ დაშინებულმა ოჯახის წევრებმა პასუხის გაცემა ვერ გაბედეს და ბარათი უკან დააბრუნეს.

1955 წელს ირანში ივანე ვარაზაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა. დაკრძალეს რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ეზოში.

1936 წელს ივანეს ძმა ვასილ ვარაზი გახდა მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ოფიციალური ნომინანტი, რაც არ გახმაურებულა და ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეიტყო. ვასილის ვაჟი იყო მხატვარი ავთო ვარაზი.


 

მასალა მომზადებულია შსს-ს არქივისა და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მასალების მიხედვით. სხვა რეპრესირებულთა ისტორიებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com