ახალი ამბები

შეძლებს თუ არა მურუსიძე, რომ უვადოდ დანიშნონ სასამართლო სისტემაში?

9 მაისი, 2017 • 2654
შეძლებს თუ არა მურუსიძე, რომ უვადოდ დანიშნონ სასამართლო სისტემაში?

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უმრავლესობა მხარს უჭერს საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას, რომელიც სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეების მოსამართლე იყო, რამდენიმე კვირაა, გადაწყვეტილება ამ საკითხზე ვერ მიიღეს.

ბოლო, 8 მაისის სხდომაზე ამ საკითხის კიდევ ერთხელ გადადების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მომხსენებელი მოსამართლე შოთა გეწაძე, რომელსაც დასკვნა უნდა წარმოედგინა, სხდომზე არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზი ფრანგულ ენაში დანიშნული გამოცდა იყო.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მურუსიძის უვადოდ ავტომატურად გადანიშვნას ეწინააღმდეგებიან. მაგალითად, საიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო ცდილობს, მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. TI-ის იურისტი, ოლიკო შერმადინი მიიჩნევს, რომ საბჭო ცდილობს, კონკრეტული პირის სასარგებლოდ გამოიყენოს დღეს შექმნილი სამართლებრივი მდგომარეობა.

[yellow_box]საბჭო თითქმის ერთსულოვანია იმაში, რომ მურუსიძე უვადოდ უნდა დაინიშნოს[/yellow_box]

2017 წლის თებერვალში ძალაში შევიდა მართლმსაჯულების “მესამე ტალღის” რეფორმა, რომელიც 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნისაგან ათავისუფლებს საკონსტიტუციო სასამართლოსა და უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებს, თუ მათ საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვთ.

როდესაც ეს კანონი ძალაში შევიდა, 3-წლიან გამოსაცდელ ვადას უკვე გადიოდნენ უზენაესი სასამართლოს ორი ყოფილი მოსამართლე – ლევან მურუსიძე და მაია სულხანიშვილი.

საბჭოს წევრების უმრავლესობა ერთსულოვანია იმაში, რომ ამ ორმა მოსამართლემ აღარ უნდა გაიაროს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გათვალისწინებული შეფასება და ავტომატურად გადაინიშნონ. საბჭოს სხდომაზე განსხვავებული აზრი მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნულმა წევრმა, ვახტანგ მჭედლიშვილმა გამოთქვა.

“ცალსახად მიმაჩნია, რომ მისი შემოწმება არ უნდა მოხდეს,” – განაცხადა საბჭოს მოსამარღლე წევრმა, მერაბ გაბინაშვილმა საბჭოს 1 მაისის სხდომაზე.

ამავე სხდომაზე საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ განაცხადა, რომ უხერხულობას ქმნიდა, რომ თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეეამოწმებინა უმაღლესი ინსტანციის მოსამართლის კომპეტენტურობა, კანონში ახალმა ჩანაწერმა კი ეს უხერხულობა მოხსნა:

ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მწამს, რომ ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება,”- განაცხადა ევა გოცირიძემ.

შოთა გეწაძემ, რომელსაც 8 მაისს უნდა წარმოედგინა დასკვნა, თუ ფორმალურად რა ფორმით უნდა მომხდარიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მურუსიძის და სულხანიშვილის უვადოდ დანიშვნა, 1 მაისს განაცხადა, რომ მოსამართლეების უვადოდ დასანიშნად შემდეგი არგუმენტაცია აქვს:

“როდესაც დაინიშნენ მოსამართლეები, სულ 2 მოსამართლეზეა საუბარი, მაშინ ისინი ვერ სარგებლობდნენ ამ უფლებით და შუა გზაზე დაეწიათ ახალი კანონი, რომელმაც თქვა, თქვენ უკვე სარგებლობთ. მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნის აქტი არის ადმინისტრაციული აქტი, რომელიც ეფუძნება კანონს. არსებული ადმნისტრაციული აქტი დღეისათვის, წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო აქტთან… არსებითად ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს ადამიანები სარგებლობენ ამ შეღავათით. მაგრამ, კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს, ამას შემოგთავაზებთ,”- განაცხადა 1 მაისის სხდომაზე შოთა გეწაძემ.

[yellow_box]რატომ გააცდინა შოთა გეწაძემ საბჭოს სხდომა?[/yellow_box]

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 8 მაისს, დაგეგმილი 11:30-ის ნაცვლად, თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით დაიწყო. საბჭოს სხდომაზე ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ შოთა გეწაძეს, როგორც სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, შიდაშესარჩევი კონკურსის ფარგლებში ფრანგულის გამოცდა უნდა ჩაებარებინა.

“მე დამიკავშირდა ბატონი შოთა. მოგეხენებათ, ის არის კანდიდატი სტრასბურგის სასმართლოში, შეტანილი აქვს განაცხადი და, შესაბამისად, დღეს აქვს მას გამოცდა ფრანგულ ენაში. აქედან გამომდინარე ითხოვა, რომ იქნებ ეს საკითხი გადაიდოს შემდეგი სხდომისთვის და შემდეგ სხდომაზე ის წარმოადგენს თავის პოზიციას. სხდომა ახლა დავიწყეთ და უკვე პირველ საათზე თუ ორ საათზე გამოცდა ეწყება ბატონ შოთას,”- თქვა საბჭოს სხდომაზე მურუსიძემ.

იუსტიციის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ 8 მაისს მართლაც ჩატარდა სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ფრანგულის გამოცდა.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, რამდენი ხნით ადრე იყო ცნობილი კანდიდატებისთვის გამოცდის თარიღის შესახებ და რომელ საათზე ჩატარდა გამოცდა.

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში არ დაგვიზუსტეს, რომელ საათზე იყო დანიშნული გამოცდა. განგვიცხადეს, რომ გამოცდის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ და გადაგვამისამართეს დიუმას ცენტრში, რომელსაც ამ გამოცდის ჩატარება დაუკვეთეს.

დიუმას ცენტრში კი გვითხრეს, რომ გამოცდის თარიღებს თავად არ ნიშნავენ და ამას იუსტიციის სამინისტრო სთავაზობს. ჩვენს შეკითხვაზე, რომელ საათზე იყო გამოცდა, დიუმას ცენტრში გვითხრეს, რომ “ვერ გვეტყვიან”.

ნეტგაზეთი ასევე შეეცადა, ამ საკითხზე კითხვები შოთა გეწაძისთვის დაესვა, თუმცა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსმსახურში განგვიმარტეს, რომ გეწაძე ან საბჭოს რომელიმე სხვა წევრი დღეს ამ საკითხის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს.

[yellow_box]სხდომის გადადების “ბუნდოვანი” მიზეზი[/yellow_box]

სოფო ვერძეულისთვის გასაგებია ორი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხის გადადება 21 აპრილის და 1 მაისის სხდომებზე, რაც საკითხის დამატებით მომზადების მიზნით მოხდა, თუმცა ბუნდოვანია 8 მაისის სხდომაზე საკითხის გადადების მიზეზი.

“დღევანდელი მიზეზი ცოტა ბუნდოვანია, მით უმეტეს, როდესაც მომხსენებლის დროის არქონა, სავარაუდოდ, განსაზღვრადი იქნებოდა და შეიძლებოდა საბჭოს სხდომის ან ადრე დანიშვნა, ან ტექნიკურად ამ საკითხის გადაწყვეტა. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა მოხდა დღეს, არის თუ არა ეს დაკაშირებული იმასთან, რომ საბჭომ პოზიცია საერთოდ შეცვალა,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა.

ვერძეულის თქმითვე, დღეს კანონი არ იცნობს იმ პრცედურას, რომლის გამოყენებითაც საბჭოს შეუძლია იმსჯელოს, არის თუ არა საკმარისი იმის საფუძვლები, რომ მურუსიძე უვადოდ დანიშნული მოსამართლე იყოს.

“თუნდაც ისინი მხარს უჭერდნენ იმას, რომ უვადო დანიშვნა უნდა გავრცელდეს ლევან მურუსიძეზე, თუნდაც ასე კითხულობდნენ “მესამე ტალღის” კანონს, ვფიქრობ, დღევანდელი სამართლებრივი რეგულირების პირობებში არ არსებობს პროცედურა, რომლის გამოყენებითაც საბჭოს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მურუსიძის უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით. თავის დროზე, როდესაც მურუსიძე დაინიშნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება 3-წლიან პრობაციაზე და ამაზე აიღეს პასუხისმგებლობა… ტექნიკურად და პროცედურულად ამ გადაწყვეტილების მიღება იქნება პრობლემა, ვიდრე რაიმე დაზუსტებები არ გაკეთდება სამართლებრივ სივრცეში,”- ამბობს სოფო ვერძეული ნეტგაზეთთან საუბრისას.

სოფო ვერძეული გვეუბნება, რომ გასათვალისწინებელია კონტექსტიც – მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსი და ის ფაქტი, რომ საბჭოს წევრების ნაწილს მალე უფლებამოსილების ვადა ეწურება. მიმდინარე წლის ივნისში უფლებამოსილების ვადა ეწურება თამარ ალანიას, ლევან მურუსიძეს, მერაბ გაბინაშვილს, ევა გოცირიძეს, ვახტანგ თორდიას, გოჩა მამულაშვილს, კახა სოფრომაძეს და შოთა გეწაძეს.

“როდესაც ზოგადად სიტყუაციას ვაფასებთ, გასათვალისწინებელია, რომ ძალიან ფართომასშტაბიანი კონკურსი მიდის, ამ კონკურსის პარალელურად საბჭო ჩქარობს და ცდილობს, ეს გააწყვეტილება მიიღოს. საერთო ჯამში, იქმნება ისეთი სურათი, რომ საბჭო, რომლის შემადგენლობის ძალიან დიდ ნაწილსაც უახლოეს პერიოდში გასდის უფლებამოსილების ვადა, საკმაოდ ფორსირებულ ვითარებაში ცდილობს, მიიღოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, დააკომპლექტოს სასამართლოს ძალიან დიდი ნაწილი, მათ შორის, საუბარია მოსამარლეების ნაწილის უვადოდ გამწესებაზე. მთლიანად უნდა ვისაუბროთ, რამდენად გონივრილია, რომ საბჭო, რომლის დიდ ნაწილსაც მანდატი ეწურება ძალაინ მალე, ცდილობს, დაჩქარებულად მიიღოს ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,”- გვეუბნება სოფო ვერძეული.

[yellow_box]პროტესტი მურუსიძის უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ[/yellow_box]

ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის წინააღმდეგ 8 მაისს, დილიდან აქციას მართავდნენ “ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი, “ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულები და პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა. ისინი საპროტესტო ტალღის დამსახურებად მიიჩნევენ იმას, რომ მურუსიძის უვადოდ დანიშვნაზე კენჭისყრა გადაიდო.

ზაზა ხატიაშვილმა კენჭისყრის გადადებას უწოდა “ძალიან მცირე წარმატება, რომელმაც შეიძლება დიდი წარმატება მოგვიტანოს”. კახა კუავა კი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ აქციის მონაწილეების წინაშე დაიხია უკან.

“რა თქმა უნდა, ხელისუფლება აცნობიერებს იმას, რომ აქ რომ 100 ადამაინია შეკრებილი, მარტო ჩვენი კი არ ეშნიათ, ხელისუფლება აცნობიერებს იმას, როგორი არის საზოგადოებრივი აზრი და ეს 100-კაციანი აქცია შეიძლება გირგვლიანის დროინდელი, 2006 წლის აქციებივით გადაიზარდოს უფრო რადიკალურ აქციებში,”- განაცხადა კახა კუკავამ.

აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

 

მასალების გადაბეჭდვის წესი