ახალი ამბები

რუსული “უკვდავი პოლკის” ქართული დანაყოფის მიერ დაანონსებული მსვლელობა

8 მაისი, 2017 • 4484
რუსული “უკვდავი პოლკის” ქართული დანაყოფის მიერ დაანონსებული მსვლელობა

თბილისში რუსული მოძრაობის, “უკვდავი პოლკის” დანაყოფი გამოჩნდა, რომელიც 9 მაისს, 11:00 საათზე, ვაკის პარკიდან მსვლელობის მოწყობას გეგმავს.

საზოგადოებრივი აქცია-მსვლელობა “უკვდავი პოლკი” რუსეთის ფედერაციასა და ზოგიერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში “გამარჯვების დღეს” აღინიშნება. ამ დღეს მსვლელობის მონაწილეები კოლონად გადაადგილდებიან ტრანსპარანტებითა და მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლებისა და ოჯახის წევრების ფოტოებით.

“უკვდავი პოლკის” აქცია 2012 წელს იყო ინიცირებული რუსი ჟურნალისტების მიერ და ოფიციალური ინფორმაციით, არაკომერციულ და არაპოლიტიკურ მოძრაობად მიიჩნევა, თუმცა, მასში ყოველ წელს მონაწილეობენ რუსი მაღალჩინოსნები, მათ შორის, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

“საქართველოს უკვდავთა პოლკის“ ხელმძღვანელი რევაზ გოგიძე ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, პარკში მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების ფოტოებით მივიდნენ.

“ჩვენ გელოდებით თქვენ, ოჯახის წევრებთან ერთად, თქვენი გმირების სურათებით, 9 მაისს, დილის 11 საათზე, საქართველოს უკვდავი პოლკის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელთან” – აცხადებს გოგიძე.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 მაისს ვაკის პარკში პროვოკაცია იგეგმება. “ერეკლე მეორის საზოგადოების” თავმჯდომარემ, არჩილ ჭყოიძემ განაცხადა, რომ ხვალ ვაკის პარკში პრორუსული ორგანიზაციები და პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოაწყობენ არეულობას და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი