ახალი ამბები

ადვოკატი: დეკანოზს მეუფე დიმიტრის და ოხანაშვილის თანამზრახველებად დასახელებას სთხოვდნენ

8 მაისი, 2017 • 3229
ადვოკატი: დეკანოზს მეუფე დიმიტრის და ოხანაშვილის თანამზრახველებად დასახელებას სთხოვდნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პროკურატურა დეკანოზს  სთხოვდა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, პატრიარქის ძმისშვილი,  მიტროპოლიტი დიმიტრი თანამზრახველებად დაესახელებინა.

ადვოკატის თქმით, ამის სანაცვლოდ შეღავათის გაკეთებას ჰპირდებოდნენ:

“დეკანოზს დაკავებისთანავე უთხრეს, რომ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დაესახელებინა. როცა დაკითხვა მიმდინარეობდა, პროცესს სამი ადვოკატი ვესწრებოდით და არა საოქმოდ, ისე, უბრალოდ, შესვენების დროს, გარკვეული საუბრის დროს არაერთხელ იყო ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ მეუფე დიმიტრი, სოსო ოხანაშვილი და სხვა პირები დაესახელებინა.”

მისივე განცხადებით, დეკანოზი უდანაშაულოა და დანაშაულს სხვასაც ვერ დააბრალებს:

“ახლა საქმე გამოყვეს და ჯგუფს ეძებენ. თავიდანვე უნდოდათ, რომ პრობლემა მოეხსნათ და არარსებული ჯგუფისთვის არარსებული დანაშაული დაებრალებინათ. ასე არ ხდება. ადამიანი ვერავის ვერაფერს დააბრალებს და ვერც დაიბრალებს დანაშაულს, რომელიც არ ჩაუდენია. პროკურორი თავიდანვე გამოდიოდა და ამბობდა, რომ დეკანოზის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდიოდა მათ მტკიცებულებებთან. წინააღმდეგობაში მოვა, აბა, არ მოვა, კაცს დანაშაული არ ჩუდენია?!”

5 მაისს მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ გარკვეული პირების დასახელების სანაცვლოდ დეკანოზს განრიდებას სთავაზობდნენ. მისი თქმით, დეკანოზმა მამალაძემ წერილი საპატრიარქოს წმინდა სინოდს გაუზგავნა, თუმცა სინოდის წევრებმა მისი წაკითხვა არ ისურვეს:

“მე იძულებული გავხდი, ეს წერილი მხოლოდ ეპარქიაში, სამღვდელოებისთვის გამეცნო”, – აცხადებს მეუფე პეტრე.

პროკურატურამ დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს დააკავა, როცა ბერლინში მიემგზავრებოდა. მას ბრალად ედება პატრიარქის მდივნის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება და  ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლები),  სოსო ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე გამოძიებამ 11 თებერვალს დაკითხა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი