ახალი ამბებიხელოვნება

საქართველოს პავილიონი ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე

8 მაისი, 2017 • 7017
საქართველოს პავილიონი ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე

ლალი პერტენავას საავტორო ბლოგს წარმოგიდგენთ თიბისი ბანკი


ფუტურისტმა პოეტმა მარინეტიმ ანტიბიენალე პროკლამაციები ჩამოყარა ვენეციის სან-მარკოს მოედანზე.  სალონებში მხატვრების – კლიმტის,  რენუარის, კურბეს პერსონალური გამოფენებია. საზოგადოების გაოცებისა და დაფრთხობის შიშით ესპანეთის სალონიდან პიკასოს ნამუშევარი მოხსნეს – ეს 1910 წლის ვენეციის ბიენალეს ისტორიაა.

ვენეციის ბიენალე 1895 წელს დაფუძნდა, როგორც ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა. მე-20 საუკუნის პირველი ათეულის აღმავალი ნაციონალიზმის ეპოქაში საერთაშორისო გამოფენა ეროვნულ პავილიონებად დაიყო. თანდათან მას არქიტექტურის ბიენალე, მუსიკის, თეატრის, ცეკვის ფესტივალები დაემატა და ვენეცია მსოფლიოს ხელოვნების „დედაქალაქად“ გადაიქცა.

ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, მაისიდან ნოემბრამდე, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების სანახაობრივი მიმოხილვით ვენეცია დაინტერესებულ საზოგადოებასა და ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს. ამჟამინდელ ტრანსნაციონალურ ეპოქაში ხელოვნების ბიენალეს დამთვალიერებლების რაოდენობა წელიწადში 500 000-ს აჭარბებს.

Screen Shot 2017-05-08 at 4.56.28 PM

ბიენალეს საგამოფენო სტრუქტურას 3 ძირითადი ნაწილი ქმნის: მთავარი გამოფენა, ეროვნული პავილიონები და პარალელური პროგრამა. კურატორი, დამხმარე ჯგუფთან ერთად, ბიენალეს კონცეფციას განსაზღვრავს და ხელოვანებს ირჩევს მთავარი გამოფენისათვის. მთავარი გამოფენა არსენალეს პავილიონსა და ძველ სამხედრო კომპლექსში ეწყობა. ყოფილი ქალაქ-სახელმწიფოს – ვენეციის ჯარდინის პავილიონი და  სხვა შენობები ეროვნული საგამოფენო პავილიონებია. ბიენალეს ოქროს და ვერცხლის ლომები მნიშვნელოვანი ჯილდოებია მხატვრებისა და კურატორებისათვის.  

2017 წლის ბიენალეს კონცეფციად ფრანგმა კურატორმა კრისტინ მასელმა  „VIVA ARTE VIVA“ განსაზღვრა და ნაციონალურ პავილიონებთან ერთად ხელოვნებისა და მხატვრების  თემისადმი მიძღვნილი 9 ტრანსნაციონალური პავილიონიც დაამატა: „ხელოვანები და წიგნები“, „სიხარული და შიშები“, „შამანების პავილიონი“, „დიონისური პავილიონი“ და ა.შ.

„VIVA ARTE VIVA“ არის ამოძახილი, მგზნებარე ყვირილი ხელოვნებისა და მხატვრის მდგომარეობის შესახებ. „VIVA ARTE VIVA“ არის ბიენალე, რომელიც შეიქმნა მხატვრებთან ერთად, მხატვრების მიერ და მხატვრებისათვის იმ ფორმების შესახებ, რასაც ისინი წარმოგვიდგენენ, კითხვების შესახებ, რომელსაც ისინი სვამენ, გამოცდილებების შესახებ, რომელთაც ისინი განიცდიან და ცხოვრების წესის შესახებ, რომელსაც ირჩევენ,“ – წერს კრისტინ მასელი წლევანდელი ბიენალეს შესახებ.

2017 წლის ვენეციის ბიენალეს საქართველოს ეროვნულ პავილიონში ვაჟიკო ჩაჩხიანი წარადგენს ინსტალაციას „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“. ნამუშევარი ადამიანის ხელქმნილი გარემოს ბუნების მიერ მოშინაურების პროცესს იმიტირებს და ხელოვნებას  სოციალურ-ანთროპოლოგიურ ჭრილში განიხილავს. მხატვარი არსენალეს სივრცეში Artiglierie“ იმერეთის რაიონიდან ჩამოტანილ ხის ოდა სახლს ააწყობს. სახლი მოეწყობა საყოფაცხოვრებო ნივთებით. ინტერიერში კი, სპეციალურად გაკეთებული საირიგაციო სისტემის წყალობით, მაისიდან ნოემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად იწვიმებს. ბუნების ზემოქმედების ქვეშ ნივთები სახეს იცვლიან ან საერთოდ გაქრებიან. არსენალეს გრანდიოზულ დარბაზში მხოლოდ ექსტერიერი დარჩება უცვლელი. მხატვარი  ბუნებისა და ადამიანის ჭიდილის, გარემო ძალების ზემოქმედებისგან ადამიანური ბუნების გახრწნისა თუ განწმენდის შესახებ მარადიული კითხვის მეტაფორას საქართველოსათვის დამახასიათებელი სახალხო არქიტექტურული სხეულით შექმნის.

ვაჟიკო ჩაჩხიანი: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომთა გარემოცვაში“, 2017

ვაჟიკო ჩაჩხიანი: „ცოცხალი ძაღლი მკვდარ ლომთა გარემოცვაში“, 2017

არქიტექტურის ენის გამოყენება უცხო არ არის საქართველოს პავილიონში. 2013 წლის ვენეციის ბიენალეზე „კამიკაძე ლოჯიამ“ პოსტსაბჭოთა პარაზიტული მიშენებების თემა განიხილა მხატვრების, გიო სუმბაძის, თეა ჯორჯაძის, ნიკოლოზ ლუტიძის, გელა პატაშურის, ეი არაკავას, სერგეი ჩერეპნინის, ჯგუფ „ბულიონის“ მონაწილეობითა და იოანა ვარშას კურატორობით.

ვენეციის ხელოვნების ბიენალეზე ქართველი მხატვრები საბჭოთა ეპოქის პერიოდიდან მონაწილეობენ. 1956 წელს სერგო ქობულაძის ნახატი „დანტე ალიგიერი“ ვენეციის ბიენალეზე მაყურებლების მოწონებით სარგებლობდა. 1972 წელს საბჭოთა კაშირის ჯგუფურ გამოფენაში ირაკლი ოჩიაურის სახელი გაჟღერდა. 1997 წელს საქართველო/რუსეთის პავილიონში გია ეძგვერაძის ნამუშევარი „მამაჩემმა მითხრა“ წარდგა. 1999 წელს ქართველ მხატვრებს გოგი ალექსი-მესხიშვილსა და მამუკა ჯაფარიძეს ცნობილმა შვეიცარიელმა კურატორმა ჰერალდ ცზიმანმა დაუთმო ადგილი საკუთარ პავილიონში. თეა გვეტაძე და თამარ ხუნდაძე ვენეციის 50-ე ბიენალეზე 2003 წელს წარდგნენ. საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით დამოუკიდებელი პავილიონი მხოლოდ ვენეციის 52-ე ბიენალეზე 2005 წელს გახდა შესაძლებელი ქართველი მხატვრებისათვის- თამარ კვესიტაძე, ეთერ ჭკადუა და სოფო ტაბატაძე. 2009 წელს კოკა რამიშვილმა საქართველოს პავილიონში პოლიტიკური ვიდეოარტი  „Change” აჩვენა. 2015 წელს ვენეციის 56-ე ბიენალეს პარალელურ პროგრამაში მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი მონაწილეობდა.

2013 წლის ვენეციის ბიენალე, ქართული პავილიონი „კამიკაძე ლოჯია

2013 წლის ვენეციის ბიენალე, ქართული პავილიონი „კამიკაძე ლოჯია

წელს ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალე 13 მაისიდან 27 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენებს თან ერთვის მრავალფეროვანი პროგრამა. საქართველოს პავილიონის კურატორი ჯულიან ჰეინენია.  

ვაჟიკო ჩაჩხიანი დაიბადა თბილისში 1985 წელს, სწავლობდა ამსტერდამში, გერაიტ რიტფელდის აკადემიაში, აუდიოვიზუალურ ფაკულტეტზე, შემდეგ კი, ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში (UDK). ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.  

ქართული პავილიონის კურატორი, ჯულიან ჰეინენი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მწერალია.  2003 – 2005 წლებში იყო გერმანიის ეროვნული პავილონის კურატორი ვენეციის ბიენალეზე, 2008 წელს კი შანხაის ბიენალეს ერთ-ერთი კურატორი. ისიც ცხოვრობს და მოღვაწეობს ბერლინში.

ვენეციის ხელოვნების 57-ე ბიენალეზე საქართველოს პავილიონის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. პროექტის მხარდამჭერი თიბისი ბანკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი