ახალი ამბები

ომბუდსმენი ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას უარყოფითად აფასებს

8 მაისი, 2017 • 1926
ომბუდსმენი ციანიდის საქმეზე სასამართლო სხდომის დახურვას უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ე.წ. ციანიდის სისხლის სამართლის საქმის განხილვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის სრულად დახურვა არ ემსახურება საგამოძიებო და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებას.

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მაღალი პოლიტიკური და საჯარო თანამდებობის მქონე პირთა მხრიდან დაირღვა ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმპცია. ასევე აცხადებს, რომ დაცვის მხარისთვის დაკისრებული გაუთქმელობის ვალდებულების პირობებში, პროკურატურის მიერ ცალმხრივად ინფორმაციის გავრცელება აზიანებდა მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

5 მაისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა სხდომის სრულად დახურვის შესახებ.

ომბუდმსენის განცხადებით, ამის შედეგად, საზოგადოებას არ მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ინფორმაცია პროცესის მიმდინარეობის, მათ შორის მხარეთა პოზიციების შესახებ.

სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სხდომის სრულად დახურვის საფუძველს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:

  • ერთ–ერთი მოწმის მიმართ განხორციელებული სატელეფონო მუქარის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ინტერესების დაცვა
  • ვიდეო და აუდიოჩანაწერებში მონაწილე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვა
  • პროცესის მონაწილე პირის მიმართ დაცვის სპეციალური საშუალების გამოყენება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 182–ე მუხლის მე–3 ნაწილი ითვალისწინებს სასამართლო სხდომის დახურვის შესაძლებლობას ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის დროს. თუმცა, ამავე ნორმის თანახმად, შესაძლებელია სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვა.

“დაცვის მხარემ სასამართლოზე მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საპროცესო მიზნებისთვის საკმარისი იქნებოდა სხდომის ნაწილობრივ დახურვა. სამწუხაროდ, სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას მოსამართლეს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ წარმოადგენდა სხდომის სრულად დახურვა უკიდურეს, თანაზომიერ და პროპორციულ საშუალებას სსსკ 182–ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეების დასაცავად. შესაბამისად, არგუმენტების გარეშე დარჩა, თუ რატომ არ შეიძლება დასახელებული სიკეთის დაცვა სხდომის ნაწილობრივი დახურვით.”

საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სასამართლო პროცესის საჯაროობა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა არაერთი აქტით დაცულ უფლებას, რომლის შეზღუდვა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მოხდეს.

“სწორედ სასამართლო სხდომათა საჯარობა არის მართლმსაჯულების სამართლიანად განხორციელებისადმი საზოგადოების ნდობის მოპოვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ამიტომ, სასამართლო ყოველთვის უნდა ცდილობდეს სხდომათა საჯაროობის უპირატესი ინტერესი, როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ერთ-ერთი გარანტი, მხოლოდ მეტი სიკეთის დასაცავად და პროპორციულობის ტესტის მოთხოვნათა დაცვით შეზღუდოს,” – აცხადებს  სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის თქმით, წინასასამართლო სხდომა არ ითვალისწინებს მტკიცებულებათა შინაარსობრივ გამოკვლევას და ამ ეტაპზე მხარეები მხოლოდ წარადგენენ მტკიცებულებათა სიას, რომელთა გამოკვლევა მოხდება არსებითი სხდომის ფარგლებში:

“შესაბამისად, სხდომის სრულად დახურვის საჭიროებაზე დამაჯერებელი პასუხი აუცილებელია.

იმ პირობებში, როდესაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიება დასრულდა, თუმცა დაცვის მხარეს კვლავ ეკისრება გაუთქმელობის ვალდებულება, საჯარო პროცესი მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაცილებით უფრო მკაცრ ტესტს გამოიყენებს პროცესის საჯარო ხასიათის შეზღუდვისას და შესაძლებელი გახდება აღნიშნულ საქმეზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება.” – აცხადებს ომბუდსმენი.

მასალების გადაბეჭდვის წესი