გია ვოლსკი © ნეტგაზეთი

ვოლსკი: ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის უპრობლემოდ შესვლა იმაზე მიუთითებს, რომ მას საკუთარ დოკუმენტებში დარღვევის აღმნიშვნელი რაიმე ჩანაწერები არ აქვს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა საზოგადოებრივ მაწუყებელთან საუბრისას განაცხადა.

გია ვოლსკის თქმით, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის. მისივე სიტყვებით, თუ მოსკოვის ყოფილმა მერმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი დაარღვია, მაშინ ამავე კანონით გათვალსიწინებული ღონისძიებები უნდა გატარდეს:

“ვინც ქვეყანაში მეგობრული გულით შემოვა, ლუჟკოვი იქნება თუ ნებისმიერი სხვა უცხოელი, საქართველომ სტუმარ-მასპინძლობა იცის, მაგრამ, სამწუხაროდ, რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანი არ გადაივლის. ამ შემთხვევაში, ლუჟკოვისთვის საქართველოს კარი ღიაა, თუ დარღვევა არ აქვს ჩადენილი. თუ დარღვევა ჩადენილი აქვს, რეაგირება ყველა ადამიანის მიმართ ერთნაირი უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი სუვერენიტეტი ყველანაირად დაიცვას, მათ შორის ასეთი კანონდარღვევებისგან. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველოს კარი ღია იყოს იმ ხალხისთვის, ვინც კეთილგანწყობილია და ქვეყანაში კეთილი სურვილებით მოდის,” – განაცხადა ვოლსკიმ.


მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა.

ური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების (ჯარიმა) გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.