ახალი ამბები

ლუჟკოვი: საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უკეთ იქნება

8 მაისი, 2017 • 42116
ლუჟკოვი: საქართველო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე უკეთ იქნება

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი “მოამბესთან” საუბარში აცხადებს, რომ საქართველოსათვის უმჯობესი იქნება, თუ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ჩამოიშორებს. მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს ლიდერებმა მომავალ ურთიერთობაზე უნდა იფიქრონ.

“ჩვენ გადმოვკვეთეთ საზღვარი. ყველა საბუთი შემოწმდა წესის მიხედვით, თუმცა მესაზღვრეებს ჩვენთვის შეკითხვებიც არ დაუსვამთ. ან რა შეკითხვები უნდა ყოფილიყო – ტურისტული ჯგუფი ჩამოვედით. ოკუპაციის კანონის შესახებ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი, რაც წარსულში იყო, ყველა უთანხმოება წარსულში უნდა დარჩეს.

ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მომავალზე უნდა იფიქრონ. მე ვხედავ, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რუსეთთან ურთიერთობა, თუნდაც სავაჭრო სივრცე, განსაკუთრებით ქართული ღვინისთვის.

მე მაინც ვფიქრობ, რომ აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ბუნებრივია, არსებობს გარკვეული ნოსტალგია და ბრაზი, მაგრამ, ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს,” – განუცხადა ლუჟკოვმა “მოამბეს” ბორჯომში შეხვედრისას.

მოგვიანებით, მან “ქრონიკასთან” საუბარში კანონის დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა:

“კანონი დავარღვიე ოკუპაციის შესახებ? და ქართველი ხალხი გულში მიკრავს და სიყვარულს მჩუქნის? მიმიფურთხებია ოფიციალური ნაწილისთვის. ხალხთა შორის ურთიერთობაა მთავარი. თუ თქვენს ქვეყანაში მოქმედებს კანონი ოკუპაციის შესახებ, მას პატივი უნდა ვცეთ. არ მგონია ჩემი აქ ყოფნით რამეს ვაშავებდე. პირიქით, რომ დავბრუნდები, თქვენს ქვეყანაში სტუმრობას ყველას ვურჩებ.”


მოსკოვის ყოფილი მერის, იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სქემარქიმანდრიტმა სერაფიმ ბით ხარიბმა გაავრცელა. შსს-ში განმარტეს, რომ ლუჟკოვმა საზღვარი კანონის დაცვით გადმოკვეთა.

ური ლუჟკოვის მიმართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით გათვალისწინებული სანქციების (ჯარიმა) გატარების მოთხოვნით ინტერნეტში პეტიცია შეიქმნა.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

მასალების გადაბეჭდვის წესი