აფიშაახალი ამბები

15 მაისს თბილისში მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU გაიხსნება

9 მაისი, 2017 • 3182
15 მაისს თბილისში მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU გაიხსნება

15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი SOU გაიმართება. ფესტივალის წლევანდელი თემა “სხვა ზღვაა”.

“სხვა ზღვა არც ერთი კონკრეტული ზღვა არ არის – არც აღმოსავლეთით, არც დასავლეთით. არც შავი, არც სხვა.

სხვა ზღვა წარმოსახვითი ზღვაა, რომელიც ტერიტორიის გარშემო უკვე არსებულ ნაკადებს ანაცვლებს და სრულიად ახალ სააზროვნო სივრცეს ხსნის,” – ამბობენ ფესტივალის ორგანიზატორები.

ფესტივალის პროგრამის მიზანი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ახალი და დაგვიანებული დინებების შემოტანაა.

წელს ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: Tetenoise, ნატალია ბერიძე და მონდრიანის ანსამბლი, ნიკა მაჩაიძე, ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ – კეიჩირო შიბუია/ჰაცუნე მიკუ, ფრანკ ვიგრო და ანტუან შმიტი, რობერტ ჰენკე – ლუმიერი III, ალვა ნოტო, უილიამ ბასინსკი, ანსამბლი „მოდერნი“, კრისტოფერ ტინორი, გრიშა ლიჰტენბერგერი, იაკობ კირკეგაარდი, კვარტეტი „რონდანე“, Sacred Horror In Design, ზინა პარკინსი, იან იელინეკი და მასაიოში ფუჯიტა, ქსილორის უაითი, სტივენ ო’მალი, რიო მურაკამი, ლორენს ინგლიში და სხვა.

ანსამბლი „მოდერნი“ შეასრულებს სტივ რაიხის ნაწარმოებს „მუსიკა 18 მუსიკოსისთვის“. კვარტეტი „რონდანე“ შეასრულებს სიმეონ ტენ ჰოლტის ნაწარმოებს „კანტო ოსტინატო“. ოპერა „დასასრული“ არის პირველი ვოკალოიდური ოპერა, რომლის კომპოზიტორია კეიჩირო შიბუია. ნაწარმოები ეძღვნება ჰაცუნე მიკუს, რომელიც ოპერაში მთავარ როლს ასრულებს.

ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებებს უმასპინძლებს თბილისის ცირკი, ქ. რუსთავის თეატრი, ა. ხორავას სახელობის მსახიობთა სახლი, გარდენ ჰოლი, რუსთაველის თეატრი, სამეფო უბნის თეატრი, ღვთისშობლის კათოლიკური ეკლესია, წმ. პეტრესა და პავლეს კათოლიკური ეკლესია, თბილისის საკონცერტო დარბაზი, ახმეტელის თეატრი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ტელევიზიის პავილიონი, ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი, კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი, თბილისის საკონცერტო დარბაზი, ზ. ფალიაშვილის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. ბილეთების ფასი 10-დან 50 ლარამდეა.

ფესტივალის პარტნიორები არიან სახელმწიფო კონსერვატორია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი და სამეფო უბნის თეატრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი