ახალი ამბები

ევროპული საქართველოს ინიციატივას პლებისციტის დანიშვნაზე რესპუბლიკელებიც უერთდებიან

8 მაისი, 2017 • 1941
ევროპული საქართველოს ინიციატივას პლებისციტის დანიშვნაზე რესპუბლიკელებიც უერთდებიან

“საქართველოს რესპუბლიკური პარტია” მხარს უჭერს “ევროპული საქართველოს” ინიციატივას პლებისციტის დანიშვნის თაობაზე. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება არ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკურ ხედვას და მსგავსი მასშტაბის საკონსტიტუციო ცვლილება არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე არ უნდა ხდებოდეს.

“საქართველოს კონსტიტუცია ადეკვატურად უნდა ასახავდეს საქართველოს მოსახლეობის პრიორიტეტებს, ასევე, არ უნდა იყოს დროებითი ერთჯერადი გადაწყვეტილებების ამსახველი დოკუმენტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტია “მოძრაობა თავისუფლებისათვის-ევროპული საქართველოს” ინიციატივას, დაინიშნოს პლებისციტი – საერთო სახალხო გამოკითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე საქართველოს ამომრჩეველთა აზრის გასაგებად” – ვკითხულობთ “რესპუბლიკური პარტიის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“რესპუბლიკური პარტია” მოუწოდებს მოქალაქეებს, გმაოხატონ თავიანთი ნება პლებისციტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც მათი აზრით,  რეალურ პირობას შექნმის, რომ პრემიერ-მინისტრმა დანიშნოს პლებისციტი და ამ გზით მისცეს შესაძლებლობა თითოეულ ადამიანს, გამოხატოს საკუთარი ხედვა საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი კენჭისყრის გზით არჩევისა თუ საპარლამენტო მანდატების განაწილების წესის შესახებ.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მსგავსი სახის ცვლილება ვერ უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილური განვითარების ფუნქციას, ვერ შექმნის დემოკრატიული გარემოს. პლებისციტის დანიშვნა და მოქალაქეების ნების გამოხატვა არის შანსი, დავასრულოთ დამკვიდრებული მახინჯი პრაქტიკა, რომლის თანახმად კონსტიტუციის ყოველი ცვლილება მორგებული იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს, და შევქნათ დემოკრატიული განვითარების კონსტიტუციური საფუძვლები” – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპული საქართველოს ინიციატივას დღეს მხარდაჭერა “თავისუფლამა დემოკრატებმაც” გამოუცხადეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი