ახალი ამბები

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია

7 მაისი, 2017 • 11147
მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოშია

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი, რომელიც თავის დროზე ოფიციალურ თბილისს არაერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული ცხინვალსა და სოხუმში ვიზიტების გამო, ახლა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტომასალას არქიმანდრიტი სერაფიმ ბით ხარიბი ავრცელებს.

ლუჟკოვი მოსკოვის მერი 1992-2010 წლებში იყო. მას მოსკოვის მერის პოსტი 18 წლის მანძილზე ეკავა და  2010 წლის 28 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, თანამდებობიდან გათავისუფლდა. იმავე წლის დეკემბრის ბოლოს მედვედევმა მედიასთან საუბარში ეს გადაწყვეტილება დედაქალაქში კორუფციის დონის მატებით ახსნა.

ლუჟკოვი და საქართველო

2006 წლის 20 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული, რომელსაც გადაეცა საპროტესტო ნოტა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის აფხაზეთში თბილისთან შეუთანხმებელი ვიზიტის თაობაზე. ეს ინფორმაცია Civil.ge-ის არქივში დღემდე ინახება.

“იური ლუჟკოვმა 2006 წლის 20 ივლისს, სოხუმში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი “ითანამშრომლებს აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან ყოველგვარი ეჭვისა და შიშის გარეშე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან“. აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა და იური ლუჟკოვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სოხუმში კულტურულ-საქმიანი ცენტრის, “მოსკოვის სახლის“ მშენებლობის შესახებ.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სახის დოკუმენტები, რომლებიციც ხელმოწერილია აფხაზეთის სეპარატისტულ ხელმძღვანელობასთან, საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, უკანონოა, არ გააჩნია არანაირი იურიდიული ძალა და ანულირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს 2006 წლის განცხადებაში.

თბილისმა ლუჟკოვის სოხუმში ჩასვლა 2009 წელსაც გააპროტესტა. ეს მასალაც Civil.ge-ის არქივშია, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ოფიციალურმა თბილისმა რუსულ მხარეს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა მოსკოვის მერის, იური ლუჟკოვის ხელმძღვანელობით დელეგაციის სოხუმში ჩასვლასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ნოტა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს საშუალებით 13 ნოემბერს გაიგზავნა.

მოსკოვის მერი სოხუმს 13 ნოემბერს ეწვია და სეპარატისტულ ხელისუფლებასთან გააფორმა შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ.

”თქვენ მიიღეთ თავისუფლება, უფლება, იცხოვროთ მშვიდობიანად და აშენოთ სახელმწიფო, უფლება, თავად განსაზღვროთ საკუთარი ბედი და არ იცხოვროთ სხვა ხელისუფლების ბრძანებით,”- იუწყება ”აფსნიპრესი” ლუჟკოვის გამოსვლაზე დაყრდნობით.

მოსკოვის მერმა ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი რუსული ინვესტიციებისათვის მიმზიდველია და აღნიშნა, რომ მუშავდება ბიჭვინთაში მსხვილი საკურორტო ობიექტის მშენებლობის პროექტი. ”საქმიანი ურთიერთქმედებისთვის მოსკოვს და და აფხაზეთს საკმაოდ ბევრი თემა აქვს,”- აღნიშნა მან.

აფხაზეთის სეპარატისტმა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა რუსეთს ინვესტიციების უფრო აქტიურად ჩადებისკენ მოუწოდა. ”თუ ადრე რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებს ეჭვი ჰქონდათ აფხაზეთის სტაბილურობასთან დაკავშირებით, დღეს სიტუაცია ხელსაყრელია,”- აღნიშნა ბაღაფშმა.

2009 წელს ლუჟკოვი ცხინვალშიც იმყოფებოდა. მაშინ საქართველოს საგარეო უწყებამ დაგმო ლუჟკოვის ცხინვალში ჩასვლა და რუსეთის სხვა ლიდერების ვიზიტების მსგავსად შეაფასა, როგორც ”საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევა, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაციის მცდელობები”.

ქანდაში ლუჟკოვის სტუმრობასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს სერაფიმ ბით ხარიბი:

“ხალხნო, მაინტერესებს ამ ლუჟკოვის ჩვენთან წირვის დასწრებაზე ამხელა აჟიოტაჟი რომ ატყდა და თურმე ის ყოფილა ოკუპანტი. პირველ რიგში, მე გეკითხებით თქვენ, ამ კაცს მე მივეცი ვიზა? მე მივანიჭე მას საპატიო მოქალაქეობა თბილისის და ბათუმის? და თუ შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში? ადამიანი მოვიდა წირვაზე დასასწრებად, მეთქვა წადი-თქო აქედან? ეკლესიის კარი ღიაა ყველასთვის პოლიტიკოსი იქნება თუ გლეხი. მაგრამ რაც მთავარია ეკლესიაში და მის მიმდებარე ტერეტორიაზე არავის არ მივცემ უფლებას რომ პოლიტიკაზე ილაპარაკოს. მაგრამ გაგდებით არც არავის გავაგდებ. ჩემს აზრს ყოველთვის ხმამაღლა ვიტყვი გინდ მტერი მოვიდეს და გინდ მეგობარი. ეს არის ჩემი კერძო აზრი ამიტომ თუ რომელიმე თქვენთაგანი დავბრკოლე, შენდობას გთხოვთ! პატივისცემით არქიმანდრიტი სერაფიმე”, – აცხადებს სასულიერო პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი