საფრანგეთის არჩევნებში ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა – წინასწარი შედეგები

წინასწარი შედეგების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში ცენტრისტმა ლიბერალმა ემანუელ მაკრონმა გაიმარჯვა, შესაბამისად საფრანგეთის პრეზიდენტი სწორედ ის გახდება.

Screen Shot 2017-05-07 at 10.08.20 PM

მონაცემები BBC-იმ გამოაქვეყნა სოციოლოგიურ კომპანია Kantar-ზე დაყრდნობით. ეს არ არის ეგზიტპოლი, არამედ წინასწარი მონაცემებია, რომელიც პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემებით ითვლება. საბოლოო ოფიციალური შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ემანუელ მაკრონი © EPA/FREDERIC SCHEIBER EPA

ემანუელ მაკრონი © EPA/FREDERIC SCHEIBER EPA

საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურა. დიდ ქალაქებში ხმის მიცემა 20 საათამდეც გრძელდებოდა.

მაკრონი, 39 წლის ცენტრისტი ლიბერალი, საფრანგეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, ლე პენი- პირიქით, მისი პროგრამა ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაზეა აწყობილი. ლე პენი საფრანგეთის ეკონომიკიდან ევროს დისტანცირება სურს. ასევე აპირებს, ჩაატაროს რეფერენდუმი საფრანგეთის ევროკავშირის წევრობის მიზანშეწონილობაზე.

მაკრონი  ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი იქნება საფრანგეთის ისტორიაში. უფრო მეტი მაკრონის შესახებ წაიკითხეთ აქ.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა (გამარჯვებისთვის კანდიდატმა პირველივე ტურში 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს), მაკრონმა 23,8%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გამარჯვების უკეთესი შანსი სწორედ ემანუელ მაკრონს ჰქონდა. მაყურებლის აზრითაც, ბოლო საპრეზიდენტო დებატებში მაკრონი ლე პენზე უკეთ წარდგა, თუმცა საარჩევნო ექსპერტების აზრით, თუ არჩენებში დაბალი აქტივობა დაფიქსირდებოდა, ეს მაკრონის ინტერესებს დააზარალებს.

მეორე ტურის წინ ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ჰოლანდმა, ასევე – ბარაკ ობამამ. გუშინ მაკრონის შტაბმა განაცხადა, რომ კანდიდატის საარჩევნო შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com