სილქნეტის განმარტება სააბონენტო კონტრაქტში ჩადებული 20 000-ლარიანი ჯარიმის თაობაზე

“სილქნეტი” აცხადებს, რომ მომხმარებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში მითითებული მუხლი, რომელიც კომპანიას აბონენტის 20 000 ლარით დაჯარიმების უფლებას აძლევს, მხოლოდ ისეთ შემთხვევას ეხება, როცა პირი სილქნეტისგან მიღებულ ინტერნეტს წესების დარღვევით სხვა პირებს კომერციული მიზნით მიჰყიდის ან გადასცემს.

ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შესახებ სილქნეტის ხელშეკრულების (“ძირითადი წესები და პირობები”) 7.1.4. პუნქტში ვკითხულობთ, რომ აბონენტმა “მხოლოდ საკუთარი მოხმარებისათვის გამოიყენოს საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით განხორციელებული „მომსახურება“ და არ დაუშვას „კომპანიისგან“ მიღებული „მომსახურების“ შემდგომი მიყიდვა/გადაცემა სხვა ნებისმიერ „მესამე პირზე“. ამ პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, “კომპანია” უფლებამოსილია დააკისროს “აბონენტს” ჯარიმის სახით 20,000.00 (ოცი ათასი) ლარის გადახდა და “კომპანიისთვის” მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება”.

აღნიშნული ჩანაწერის შესახებ ინფორმაცია პირველად ფეისბუკ-გვერდმა “შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე” გაავრცელა: “20 000 ლარით დაჯარიმდებით, თუ თქვენს ინტერნეტს სხვაც მოიხმარს ( მესამე პირისთვის გადაცემა ) ანუ Wi-Fi ზე თუ არ გაქვთ პაროლი და მეზობელმა გამოიყენა თქვენი ინტერნეტი, სილქნეტს შეუძლია 20 000 ლარით დაგაჯარიმოთ”.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სილქნეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

“საზოგადოებას გვსურს განვუმარტოთ, რომ სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული აკრძალვა კომპანიის მიერ მიწოდებული ინტერნეტ მომსახურების შემდგომი გადაყიდვის თაობაზე დაკავშირებულია ისეთ შემთხვევებთან, როდესაც სილქნეტის საცალო ფიზიკური ან/და იურიდიული პირი აბონენტების მიერ ხორციელდება მათთვის მიწოდებული საცალო სააბონენტო ინტერნეტ პაკეტების შემდგომი გადაყიდვა გამაძლიერებელი ანტენების საშუალებით მესამე პირებზე, კომერციული მიზნით,  რაც  თავის მხრივ წინააღმდეგობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან (ასეთი საქმიანობა ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში, ხოლო მსგავსი სახის საქმიანობის ავტორიზაციის გარეშე განხორციელება იწვევს ადმინისტრაციულ ჯარიმას პირველ ჯერზე 5000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარის ოდენობით).
აბონენტი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის ბოლო მომხმარებელი, რომელმაც მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის უნდა გამოიყენოს მისთვის მიწოდებული ინტერნეტ მომსახურება, ანუ მას არ შეიძლება ჰყავდეს თავისი აბონენტები. შესაბამისად, როდესაც სილქნეტსა და აბონენტებს შორის ფორმდება სააბონენტო ხელშეკრულებები, ამ სააბონენტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ინტერნეტ პაკეტის სიჩქარე განსაზღვრულია კონკრეტული ოჯახის თუ იურიდიული პირის მოხმარებისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სააბონენტო პაკეტები, ისევე როგორც აღნიშნული პაკეტების ფასები, განსხვავდება ერთმანეთისგან.
ავტორიზებადი საქმიანობისათვის  დაინტერესებულ ინდ. მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს შეუძლიათ სილქნეტისგან ინტერნეტი შეისყიდონ (საბითუმო ბაზრის სეგმენტი) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც არ გულისხმობს მათთან როგორც საცალო აბონენტებთან ხელშეკრულების გაფორმებას”, – ნათქვამია სილქნეტის განცხადებაში, რომელსაც სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

სილქნეტის ამ განცხადებას ფეისბუკზე დისკუსია მოჰყვა:

“ცრუ ინფორმაცია კი არა, კონტრაქტი ჩაასწორეთ და ჩაწერეთ ის, რაც კანონის მოთხოვნაა, არაორაზროვნად, ნათლად და მკაფიოდ, და არა ის ბუნდოვანი პუნქტი, რაც გიწერიათ, რომლის მიხედვითაც თავისუფლად შეიძლება დაჯარიმდეს ინტერნეტის მფლობელი პირი სახლში სტუმრისთვის ინტერნეტით სარგებლობისთვის პაროლის გადაცემის შემთხვევაში, ან ოჯახის ნებისმიერი წევრის სარგებლობის შემთხვევაში, რომელიც არ არის ხელშეკრულების მონაწილე პირი. ქვემოთ ხალხს რომ უწერთ, ჯარიმა არ გეკისრებათო, რომ დამეკისროს, სქრინშოტი წარმოვადგინო სასამართლოში, ფბ-ზე დაწერეს არ გეკისრებათო? დაავალეთ თქვენს იურისტებს, გადახედონ კონტრაქტის ტექსტს და მოიყვანონ ის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში და გაფანტონ ბუნდოვანი ტექსტი, რომელიც ახლა წერია”, – წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

“მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა და არც იქნება, კიდევ ერთხელ მოგახსენებთ, ეხება არაკეთილსინდისიერ მომხმარებლებს, რომლებიც რეგისტრირდებიან როგორც ფიზიკური პირები, იძენენ გამაძლიერებელ აპარატურას იმისათვის რომ მიჰყიდონ სხვა მომხმარებლებს ინტერნეტი. ახდენენ მიწოდებული პაკეტის გადაყიდვას სხვა პირებისთვის კომერციული მიზნით. აღნიშნული, ბუნებრივია, არ გულისხმობს კომპანიის აბონენტების დაჯარიმებას WIFI მოწყობილობაზე პაროლის არ გამოყენების გამო”, – პასუხობს სილქნეტი.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com