ახალი ამბები

საფრანგეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს

7 მაისი, 2017 • 3136
საფრანგეთი დღეს პრეზიდენტს ირჩევს

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ცენტრისტი ემანუელ მაკრონი ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკოს მარინ ლე პენს უპირისპირდება.

საარჩევნო უბნები საფრანგეთში ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 19:00 საათზე დაიხურება. დიდ ქალაქებში ხმის მიცემა 20 საათამდეც იქნება შესაძლებელი.

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში © EPA/JEROME FAVRE

საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში © EPA/JEROME FAVRE

მაკრონი, ცენტრისტი ლიბერალი, საფრანგეთის ევროკავშირში დარჩენის მომხრეა, ლე პენი- პირიქით, მისი პროგრამა ანტისაიმიგრაციო პოლიტიკაზეა აწყობილი. ლე პენი საფრანგეთის ეკონომიკიდან ევროს დისტანცირება სურს. ასევე აპირებს, ჩაატაროს რეფერენდუმი საფრანგეთის ევროკავშირის წევრობის მიზანშეწონილობაზე.

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა (გამარჯვებისთვის კანდიდატმა პირველივე ტურში 50%-ზე მეტი ხმა უნდა მიიღოს), მაკრონმა 23,8%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო. საზოგადოებრივი აზრის კვლევის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გამარჯვების უკეთესი შანსი სწორედ ემანუელ მაკრონს აქვს. მაყურებლის აზრითაც, ბოლო საპრეზიდენტო დებატებში მაკრონი ლე პენზე უკეთ წარდგა, თუმცა საარჩევნო ექსპერტების აზრით, თუ არჩენებში დაბალი აქტივობა დაფიქსირდება, ეს მაკრონის ინტერესებს დააზარალებს.

მეორე ტურის წინ ემანუელ მაკრონს მხარდაჭერა გამოუცხადა მოქმედმა პრეზიდენტმა ფრანსუა ჰოლანდმა, ასევე- ბარაკ ობამამ. გუშინ მაკრონის შტაბმა განაცხადა, რომ კანდიდატის საარჩევნო შტაბზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი