შტაზის საარქივო მასალები ბერლინის მუზეუმიდან. 25 წელი გავიდა შტაზის საარქივო დოკუმენტების პირველად გახსნიდან. 2017წ. EPA/FELIPE TRUEBA

წარსულის გააზრება, როგორც რეჟიმისგან და პოლარიზაციისგან თავდაცვის გზა

სტალინი – გმირი თუ ანტიგმირი? რუსეთი – მტერი თუ ერთმორწმუნე მფარველი? ვარდების რევოლუცია – მოვლენა, რომელმაც დაამარცხა კორუფცია და განავითარა სახელმწიფო ინსტიტუტები, თუ რეჟიმის დასაწყისი, რომელმაც შექმნა ფარული თვალთვალისა და პატიმრების წამების მანკიერი სისტემა?

ჩამონათვალი, შესაძლოა, გაცილებით გრძელი იყოს. საქმე ის არის, რომ საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი, შეთანხმებული პოზიცია, თუ როგორ უნდა იყოს შეფასებული ეს მოვლენები, რაც მუდმივად აძლევს ინსპირაციას ახალ–ახალ დაპირსპირებას საზოგადოებაში და ხელს უწყობს მის პოლარიზაციას. ეს კი, თავის მხრივ, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და ხელს უწყობს რეჟიმების ჩამოყალიბებას ქვეყანაში.

ევროკავშირი, ევროპის საბჭო და ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი – პოლარიზაციას ასახელებენ, როგორც მნიშვნელოვან დაბრკოლებას ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისათვის.

რატომაა საშიში პოლარიზაცია?t

ინფოგრაფიკა ეფუძნება ანრას კოროსენის სტატიას "პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი შედეგები დემოკრატიის ანგარიშვალდებულებაზე"

ინფოგრაფიკა ეფუძნება ანრას კოროსენის სტატიას “პოლიტიკური პოლარიზაცია და მისი შედეგები დემოკრატიის ანგარიშვალდებულებაზე”

მაიკლ მაიერ–რესენდე, გერმანიაში დაფუძნებული ორგანიზაციის, “დემოკრატიის საერთაშორისო გაშუქების” (Democracy Reporting International/DRI) წარმომადგენელი გვიყვება იმ საფრთხეების შესახებ, რაც თან ახლავს პოლარიზაციას:

“პოლიტიკა ხდება დისფუნქციური – მოდის ერთი მთავრობა და ცვლის ყველაფერს და ეს ადამიანები ცვლიან თავიდან ბოლომდე პოლიტიკას. ცხადია, ასე ვერ განვითარდება ქვეყანა, თუკი ყოველ 4–5 წელში ფუნდამენტურად შეიცვლება ყველაფერი. მეორე დიდი პრობლემაა, როცა ხდება კანონების მორგება საკუთარ თავზე – როცა ბევრი ეწინააღმდეგება კონკრეტულ საკანონმდებლო ცვლილებას, მაგრამ მაინც იღებ, რადგან ეს შენთვის მომგებიანია. ამგვარად ვერ დამყარდება კანონის უზენაესობა ქვეყანაში და კანონი და კონსტიტუცია მხოლოდ იმის ინსტრუმენტად იქცევა, რომ გაიხანგრძლივო ხელისუფლებაში ყოფნა. ამას გარდა, ეს ხელს უწყობს კორუფციას ქვეყანაში, ვინაიდან, მაგალითად, სკოლის დირექტორს არჩევ იმ ნიშნით, არის თუ არა ის შენი მომხრე და ა.შ.”

მაიკლ მაიერ–რესენდეს თქმით, პოლარიზაცია მაშინ ხდება საშიში, როცა ის უკიდურეს ფორმებს იღებს: “ამის ნიშანია, როცა ორი მხარე ერთმანეთის მტრად იქცევა – როცა აღარ ამბობ მეორე მხარეზე, რომ ის ოპონენტია, რომელსაც უბრალოდ არ ეთანხმები, არამედ მიიჩნევ მტრად, რომელიც გზიდან უნდა ჩამოიშორო. მეორე ნიშანია, როცა პოლიტიკური სპექტრი ვიწროვდება, უკიდურესად დაპირისპირებულ ორ მხარეს ნაწილდება ხმები და შუაში მყოფი ძალები ქრება”.

2012 წლის არჩევნების შედეგად სწორედ ასეთი არჩევანი დააფიქსირა საზოგადოებამ საქართველოში, რის შედეგადაც პარლამენტში ორი პოლიტიკური ძალა – ქართული ოცნება და ენმ შევიდა. ფაქტობრივად, ანალოგიური შედეგი დადგა 2016 წლის არჩევნების შემდეგაც, თუმცა მცირე დოზით პარლამენტში მესამე ძალაც (სპა) შევიდა.

დაპირისპირება პარლამენტში

DRI–ის წარმომადგენლის დაკვირვებით, ევროპისგან განსხვავებით, სადაც მემარჯვენე და მემარცხენე იდეოლოგიებს შორის დაპირისპირებაა, საქართველოში პოლარიზაცია პოლიტიკურ და არა იდეოლოგიურ ხასიათს ატარებს.

“ასევე, ვხედავთ, რომ პოლიტიკური სცენა საკმაოდ არასტაბილურია დამოუკიდებლობის შემდეგ. იყო რევოლუცია და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ქვეყანა ვერ განვითარდა ისე, რომ ძირითად, ფუნდამენტურ საკითხებზე მაინც იყოს კონსესუსი”, – მიიჩნევს მაიკლ მაიერ–რესენდე.

პოლარიზაციის მიზეზები საქართველოში

ამ საკითხს 2016 წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იკვლევდა. ამ მიზნით ორგანიზაციამ გამართა კონსულტაციების სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან და განახორციელა პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აქტორების საჯარო გამოსვლებზე მედიამონიტორინგი.

კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებულმა საარჩევნო სისტემამ ხელი შეუწყო ორ დაპირისპირებულ ბანაკს შორის “შუალედური ნიადაგის სიმცირეს”. ეს არის საარჩევნო სისტემის პრინციპი – “გამარჯვებული იღებს ყველაფერს!” გასულ წლებში ეს პრინციპი მუშაობდა იმგვარად, რომ სუპერპრეზიდენტი აირჩეოდა პირდაპირი გზით და ის ხშირად პერსონალური დღის წესრიგით მართავდა ქვეყანას”.

თუმცა, 2012 წლიდან საქართველო საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავიდა და ამჟამად საარჩევნო სისტემის შეცვლას ხელისუფლება სწორედ იმ მიმართულებით ცდილობს, რომ “გამარჯვებულმა პარტიამ მიიღოს ყველაფერი” – საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომლითაც უქმდება მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ პროპორციულ არჩევნებში გაუნაწილებელ მანდატებს იღებს პირველ ადგილზე გასული პარტია, რაც ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის შეფასებით უსამართლოა, ვინაიდან გამარჯვებულს აძლევს ყველა გაუნაწილებელ ხმას.

საიას კვლევის მიხედვით, ნდობის ნაკლებობა საზოგადოებაში და არათანაბარი შემოსავლები ასევე განაპირობებს პოლარიზაციას საქართველოში. თუმცა, კვლევა, ასევე გამოყოფს პოლიტიკური პოლარიზაციის სხვა წყაროებს, როგორიცაა, მაგალითად, საქართველოს უახლეს ისტორიაში ადამიანის უფლებების დარღვევები. საუბარია ენმ–ს მმართველობის პერიოდში არსებულ პრობლემებს ამ მხრივ, როგორიცაა ფარული მიყურადება, პატიმრების წამება და ა.შ.

“ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ეს ფარული მოსმენები მიმდინარეობდა, მაგრამ არ არსებობს გამოკვლეული და დაწერილი დოკუმენტი, როგორ იყო ეს სისტემა აწყობილი. როგორ აეწყო ფარული მოსმენების სისტემა და რა უნდა გაკეთდეს, რომ აღარ განმეორდეს? ჩვენ დღეს გვინდა ავაშენოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით ის ფარული სქემა, რომელიც დაიწერა და რომლითაც იმართებოდა სასამართლო და არ არის გამორიცხული, ეს სქემა სრულად ან ფრაგმენტულად დღესაც აგრძელებდეს ცხოვრებას”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე “ნეტგაზეთთან” საუბარში.

რატომაა მნიშვნელოვანი წარსულის გააზრება?

“ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ წარსულის შეცდომების, დანაშაულების აღარ განმეორების ერთ–ერთი ყველაზე მნიშნელოვანი გარანტი არის ის, რომ გაიგო, რა მოხდა, რატომ მოხდა, რა ინსტიტუციურმა, კულტურულმა, ადამიანურმა ფაქტორებმა შექმნა ის პირობები, რამაც განაპირობა ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევა და შემდეგ დაგეგმო შენი სამართლებრივი თუ სხვა ტიპის რეფორმები ისე, რომ ჩადო წარსულის განმეორებისგან დამცავი მექანიზმები. სხვაგვარად, ჩვენ სიბნელეში მოგვიწევს კანონის თუ კონსტიტუციის წერა ისე, რომ უნდა გავუმკლავდეთ რაღაცას, მაგრამ რას უნდა გავუმკლავდეთ და რისგან უნდა დავიცვათ თავი, არ გვეცოდინება”, – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

სტალინის გარდაცვალებიდან 64-ე წლისთავი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

სტალინის გარდაცვალებიდან 64-ე წლისთავი © EPA/ZURAB KURTSIKIDZE

მაიკლ მაიერ–რესენდე ფიქრობს, რომ საქართველომ წარსულის შეფასება და გააზრება უმჯობესია მე–20 საუკუნის 30–50–ანი წლების პარიოდიდან დაიწყოს, რაც საზოგადოებას შესაძლებლობას მისცემს სწორი შეფასება მისცეს სტალინის პერსონას და მისი მმართველობის პერიოდს.

“რადგან ეს შეიძლება ნაკლებად სენსიტიური იყოს და შესაძლოა შეძლოთ დიალოგის დაწყება და შეთანხმება ფორმებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის გამოკვლევა. ეს უფრო ადვილი იქნება, რადგან აღარავინ იქნება, ვინც იტყვის, რომ ის ამ პროცესების მონაწილე იყო. მე მეჩვენება, რომ ლოგიკურია ამით დაწყება და შემდეგ მოხდეს ბოლო მოვლენების გამოკვლევა”, – აცხადებს მაიკლ მაიერ–რესენდე.

როგორ უნდა მოხდეს წარსულის გააზრება?

ამის უნივერსალური რეცეპტი არ არსებობს. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება, რომლითაც შესაძლოა ისარგებლოს საქართველომაც.

ბერლინის ცენტრალურ ნაწილში ერთმანეთის სიახლოვეს შეგიძლიათ ნახოთ იმ ეთნოსებისა და ჯგუფებისადმი მიძღვნილი ხსოვნის მემორიალები, რომლებმაც ყველაზე მეტი მსხვერპლი გაიღეს გერმანიაში ფაშისტური რეჟიმის გამო. აქ არის ჰოლოკოსტის მემორიალი (რომელიც ეძღვნება ფაშისტური რეჟიმის მიერ მოკლული 6 მილიონზე მეტი ებრაელის ხსოვნას), ჰომოსექსუალთა მემორიალი (დაახლოებით 10–15 ათასი გეი მოათავსეს საკონცენტრაციო ბანაკში ნაცისტური რეჟიმის დროს), ბოშების მემორიალი (დაახლოებით 500 ათასი ბოშა გახდა ნაცისტური რეჟიმის მსხვერპლი). მიმდინარეობს დისკუსია, რომ ასევე გაიხსნას იეჰოვას მოწმეების მემორიალი (დაალოებით 2000 იეჰოვას მოწმე დაიღუპა ნაცისტური რეჟიმის დროს გერმანიაში).

“ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ყველას ახსოვდეს, რომ რახან ეს მოხდა, შესაძლოა ისევ განმეორდეს და რომ არ შეიძლება ამის განმეორება,” – გვეუბნება გიდი ჰოლოკოსტის მემორიალიდან.

ნაცისტური რეჟიმის პარალელურად ბერლინში შტაზის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის უშიშროების სამსახური) მიერ ჩადენილი დანაშაულების ამსახველ არაერთ ილუსტრაციას იხილავთ მუზეუმებში.

ჰანს იოჰან შეიდლერი

ჰანს იოჰან შეიდლერი

74 წლის ჰანს იოჰან შეიდლერი 25 წლის იყო, როცა ის და მისი მეგობარი ჩეხეთში საბჭოთა კავშირის ინტერვენციის საპროტესტო 800 ლიფლეტის გავრცელების გამო დააპატიმრეს. 2009 წლიდან ის ბერლინში, შტაზის ციხეში მუშაობს გიდად, სადაც ერთი წელი (1968–69წწ.) გაატარა პატიმრობაში. მუზეუმად ქცეულ ამ ციხეში გვიამბო თავისი ისტორია – როგორ დაასამარეს მისი, როგორც წარმატებული ფიზიკოსის კარიერა, რაზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდა. ყვებოდა სხვა პატიმრების ისტორიებს, შტაზის მეთოდებს, თუ როგორ ამუშავებდნენ იდეოლოგიურად ადამიანებს, როგორ უთვალთვალებდნენ “ხალხის მტრებს”… გვიამბო, როგორ შეიტყო მისი დაკავებიდან 23 წლის შემდეგ, როცა შტაზის არქივები გაიხსნა, თუ როგორ უთვალთვალებდა მისი მეზობელი ცოლ–ქმარი და ასმენდა შტაზის წინაშე, რის საფუძველზეც დაიჭირეს კიდეც.

“არა, არ მიცემია,” – ასეთი იყო მისი პასუხი ჩვენს შეკითხვაზე, გაუსწორდა თუ არა ფიზიკურად მას, ვისი დასმენის გამოც პატიმრობა განიცადა, დაკარგა საყვარელი საქმე, მუდმივ თვალთვალში ცხოვრობდა წლების მანძილზე, – “მითხრეს, რომ ამას ჩემ დასაცად აკეთებდნენ სხვების მავნე ზეგავლენისგან. მის შემდეგ მათთან კონტაქტი შევწყვიტე”.

“გერმანული გამოცდილება შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ ამავდროულად ეს ადვილი გზაა. მეორე მსოფლიო ომმა და ფაშისტურმა რეჟიმმა ქვეყანა გატეხა, გაყო ორად და უფრო ადვილი იყო შეთანხმება, რომ ეს იყო კატასტროფა და საშინელება. ეს ყველამ დაინახა და იგრძნო საკუთარ თავზე. ამაში მონაწილეობს ძალიან ძლიერად სხვადასხვა ინსტიტუცია – მუზეუმები, რომლებიც ხსხნიან ისტორიას; ძალიან კარგად გადამუშავდა ისტორიის სახელმძღვანელოები სკოლებში; პოლიტიკური განათლების ძლიერი ინსტიტუციები შეიქმნა, ყველა სისტემაა ჩართული ამ პროცესში. მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ინსტიტუციები შეიქმნას, პირველ რიგში, აუცილებელია კონსესუსი, შეთანხმება იმაზე, თუ რა მოხდა”, – ამბობს მაიკლ მაიერ–რესენდე.

საკანი შტაზის ციხეში, ბერლინი. ფოტო: მაია მეცხვარიშვილი

საკანი შტაზის ციხეში, ბერლინი. ფოტო: მაია მეცხვარიშვილი

მისი თქმით, არსებობს რამდენიმე გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს წარსულის გააზრება.

“ბევრ ქვეყანაში ხალხი უფრთხის ამ საკითხის მოგვარებას სისხლის სამართლებრივი გამოძიების გზით, რადგან ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული პროცესი იყოს. ეს არჩევანის საკითხია. შესაძლოა, ამ გზითაც წასვლა, რომ გამოიძიო ეს ყველაფერი, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ ძალიან ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა ჰქონდეს ქვეყანას.

სხვა გზა არის ე.წ. სიმართლის კომისია, როდესაც არა გამომძიებლები და მოსამართლეები, არამედ საზოგადოებისგან შერჩეული ადამიანები სვამენ შეკითხვებს, იღებენ პასუხებს, აანალიზებენ. ამ შემთხვევაში, ადამიანებს სთავაზობ, რომ მათ მიმართ არ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, თუკი ისაუბრებენ მხოლოდ სიმართლეს. ამ გზით შეიძლება ძალიან ბევრი მასალის შეგროვება.

ამას გარდა, შეიძლება იყოს კიდევ ერთი ასეთი გზა – შეიქმნას ისტორიკოსების კომისია. ეს კომისია არ დაიწყებს ხალხის გამოკითხვას, კამერების წინ კვლევას, ისინი მხოლოდ დოკუმენტებზე და ფაქტების შეგროვებაზე იმუშავებენ და დაადგენენ ვინ ჩაიდინა ეს ფაქტები”, – ამბობს მაიკლ მაიერ–რესენდე.

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ ჩვენ გვჭირდება საგამოძიებო მიდგომები, თუმცა ეს შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა ფორმით:

“შეიძლება ეს იყოს საპარლამენტო კომისია, ან პარლამენტს გარეთ კომისია სხვადასხვა მანდატით. სხვათაშორის პარლამენტს ჰქონდა გარკვეული მცდელობა, იგივე მედიასფეროში გარკვეული კვლევა ჩატარდა, მაგრამ მერე ეს გადაიგზავნა პროკურატურაში და არავინ იცის, ამას რამე მოჰყვა თუ არა. იყო პოლიტპატიმრების საკითხი, რომელსაც ასევე პარლამენტი გაუძღვა, მაგრამ მასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული კითხვები. იყო კომისია მოსმენების საკითხზეც და ა.შ.”

განადგურებული CD დისკები შსს–ში, რომელიც პირადი ცხოვრების კადრების ასახავდა, 2013წ.

განადგურებული CD დისკები შსს–ში, რომელიც პირადი ცხოვრების კადრების ასახავდა, 2013წ.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, როდესაც საუბარია წარსულის შეფასებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევაფასოთ არა ცალკეულად აღებული რომელიმე ერთი ხელისუფლების პერიოდი, არამედ შევაფასოთ დამოუკიდებლობის პერიოდი მთლიანად.

“იმიტომ რომ ეს არის ის ისტორიული პერიოდი, როდესაც სახელმწიფოებრივი ნიშან–თვისებები განვავითარეთ და ასევე ამ პერიოდში გვაქვს ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის კუთხით პრობლემური საკითხები”, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს უახლოესი წარსულის კვლევა და ანალიზი კიდევ უფრო მეტ პოლარიზაციას საზოგადოებაში? – ანა ნაცვლიშვილი პასუხობს:

“ჩვენ უკვე ძალიან პოლარიზებული ვართ. როცა საზოგადოებაში მინიმალური კონსესუსი ვერ დგება იმაზე, რომ ადამიანის ცემა არის ცუდი, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც ამაზე არის გასაკეთებელი და არა იმის თქმა, რომ ვიღაც არის ბნელი, ვიღაც არის რადიკალი, რუსეთის ან ამერიკის აგენტი, არამედ მინიმალურ სტანდარტებზე საზოგადოების კონსესუსი – ადამიანის ცემა, განურჩევლად იმისა, ვინ არის მცემელი და ვინ არის მსხვერპლი, არის ცუდი. რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების გამოყენება არის ცუდი, განურჩევლად იმისა, ეს 2012–მდე ხდებოდა, თუ მას შემდეგ”.  

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მაია მეცხვარიშვილი, რედაქტორი