ახალი ამბები

ჰაკერული თავდასხმა მაკრონის შტაბზე და გასაჯაროებული 9GB მოცულობის დოკუმენტები

6 მაისი, 2017 • 4316
ჰაკერული თავდასხმა მაკრონის შტაბზე და გასაჯაროებული 9GB მოცულობის დოკუმენტები

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბი მასობრივი ჰაკერული თავდასხმის შესახებ იუწყება. შტაბის ცნობით, ინტერნეტში ვრცელდება როგორც ნამდვილი, ისე ყალბი დოკუმენტები, რაც ამომრჩევლის დასაბნევადაა მიმართული.

შტაბის ცნობით, ნათელია, რომ ჰაკერების მიზანი იყო მაკრონის ჩამოშორება საარჩევნო მარათონიდან არჩევნებამდე ერთი დღით ადრე. ჰაკერული თავდასხმა, მაკრონის შტაბის ცნობით, პარასკევს, 5 მაისს, საღამოს განხორციელდა. არჩევნები 7 მაისს იმართება, ხოლო დღეს, თავად მაკრონი და მედიასაშაულებები საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ შეზღუდვებს ექვემდებარებიან საარჩევნო აგიტაციის კუთხით მანამ, სანამ არჩევნების პირველადი მონაცემები არ გახდება ცნობილი, კვირადღეს.

საფრანგეთის საარჩევნო ადმინისტრაცია აფრთხილებს მედიას, რომ არ გამოაქვეყნონ ამგვარად ინტერნეტში გაჟონილი ინფორმაცია, ვინაიდან ამჟამად მოქმედებს ზემოთ აღნიშნული კანონიერი აკრძალვები.

ანონიმურმა მომხმარებლებმა ინტერნეტში განათავსეს 9GB მოცულობის მონაცემები. დოკუმენტები მოიცავს როგორც e–მეილებს, ასევე, ფინანსურ მონაცემებს.

მაკრონის შტაბში ეს ფაქტი უკვე შეადარეს ერთი წლის წინ აშშ–ში მომხდარ ფაქტს, როდესაც არჩევნების წინ დემოკრატების ე–მაილები გატეხეს რუსმა ჰაკერებმა. არც ამჟამად გამორიცხავენ, რომ კრემლს სურს, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში დახმარება გაუწიოს მაკრონის კონკურენტს – ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს.

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა 23 აპრილს, რომელშიც მაკრონმა 23,8%, ხოლო ლე პენმა 21.7% მიიღო, შესაბამისად, ისინი მონაწილეობენ ხვალინდელ მეორე ტურში. საზოგადოებრივი აზრის კვლევის წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გამარჯვებას სწორედ ემანუელ მაკრონი მოიპოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი