ახალი ამბები

“მანდატების განაწილების პროექტი სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპს არღვევს”

6 მაისი, 2017 • 2732
“მანდატების განაწილების პროექტი სამართლიანი არჩევნების ძირითად პრინციპს არღვევს”

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი 85 არასამთავრობო ორგანიზაცია წერილით მიმართავს საქართველოს პარლამენტს, რომლითაც მოუწოდებს კონსტიტუციურ პროექტში მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესის შეცვლისკენ.

“წარმოდგენილი პროექტით უქმდება შერეული საარჩევნო სისტემა და პარლამენტი აირჩევა პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, რაც ნამდვილად მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. თუმცა, მიუხედვად ამისა, სამწუხაროდ, საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი წესი ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. უფრო მეტიც, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი წესით ირღვევა სამართლიანი არჩევნების ძირითადი – თანასწორობის პრინციპი.

როგორც ცნობილია, მანდატების განაწილებისთვის გამოიყენება არა მათი პროპორციული განაწილების წესი, არამედ კვოტირების პრინციპი, რომლის მიხედვითაც სავარაუდოა, რიმ დიდი იქნება გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა. როგორც ისტორიული გამოცდილება მოწმობს, 1995-2016 წლებში ჩატარებული ყველა არჩევნებისას, 5-პროცენტიანი ზღურბლით, დაკარგული ხმები საშუალოდ 20.1% იყო. შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია ბონუსად მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 92 მანდატს მიიღებდა. აშკარაა, რომ ასეთი წესით არსებითად ირღვევა პროპორციულობა და თანასწორობის პრინციპი”, – ნათქვამია ეროვნული პლატფორმის წევრის ორგანიზაციების მიმართვაში.

ამას გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საარჩევნო ბლოკების აკრძალვა ჯერ კიდევ სუსტი პარტიული სისტემის, მწირი ფინანსური რესურსებისა და 5%-იანი ზღურბლის პირობებში მკვეთრად გაზრდის დაკარგული ხმების რაოდენობას, ხოლო მანდატების განაწილების წარმოდგენილი წესი უსამართლო უპირატესობას მისცემს გამარჯვებულ პარტიას.

პლატფორმის წევრი ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ პარლამენტის მხოლოდ პროპორციული წესით დაკომპლექტების შენარჩუნების პირობით, მანდატების განაწილების წესი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი სამართლიანი არჩევნების პრინციპებთან და გამოყენებული იქნეს გაუნაწილებელი მანდატების პროპორციული განაწილების წესი, საარჩევნო ზღურბლი კი შემცირდეს 3 პროცენტამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი