40688

“მსოფლიო რბენის” გამო კახეთში საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საერთაშორისო მარათონ „მსოფლიო რბენასთან“ დაკავშირებით 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გაყოლებით, დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, თელავი-შაქრიანის საავტომობილო გზაზე, მდინარე ალაზნის ხიდამდე, მოძრაობა შეიზღუდება.

ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე – გურჯაანი-აფენი-კაბალი.

შსს-ს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.

“მსოფლიო რბენაში“ წელს საქართველოში 5 000 ადამიანი მონაწილეობს. საქართველოში მონაწილეობის ღირებულებაა 30 ლარი. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ. შეგროვებული თანხა Wings for Life-ის ფონდში EMS (European Merchant Services) საგადასახადო სისტემის გავლით გადაირიცხება.

მსოფლიო რბენა – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება მსოფლიო სპორტის ისტორიაში. 7 მაისს კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ის უკვე მეოთხედ გაიმართება.

მსოფლიო რბენა – 6 კონტინენტზე, 25 ქვეყანაში, 26 ლოკაციაზე ჩატარდება და მასში ასი ათასზე მეტი მორბენალი ჩაერთვება.

Wings for Life World Run-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ არ არის განსაზღვრული ტრასის მანძილი და დრო, არ არსებობს ტრადიციული  ფინიშის ხაზი. არის მხოლოდ „ფინიშ მანქანა“, რომელიც სტარტიდან 30 წუთში დაიძვრება და 15 კმ/ს – 20 კმ/ს – 25 კმ/ს სიჩქარით იმოძრავებს. თუკი „ფინიშ მანქანა“ მორბენალს გადაუსწრებს, ის შეჯიბრს გამოეთიშება. რბენის შედეგები ავსტრიის ქალაქ სპილბერგიდან გაკონტროლდება.

ყოველ მეხუთე კილომეტრზე მორბენლებს გამაგრილებელი პუნქტები დახვდებათ. მსოფლიო რბენის 2 გამარჯვებული – ერთი ქალი და ერთი მამაკაცი, 2018 წელს თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ წერტილში მიიღებენ რბენაში მონაწილეობას. გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრად მიიღებენ ექსკლუზიურ ტურს მსოფლიოს გარშემო.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი